
ფეხბურთის თამაშს თავი რომ დაანება გვარიანად ახალგაზრდა იყო, 28 წლის. ტრავმებმაც შეაწუხა.
ცნობილ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „კაცმა, რომელსაც დიდი კარიერის გაგრძელება სურს, ყოველ ცისმარე დღეს უნდა ივარჯიშოს. მე მეტი აღარ შემეძლო. თან თავში უკვე ახალი პროექტი მიტრიალებდა — ჩემთან ინვესტორი მოვიდა და მტვერსასრუტების ბიზნესი შემომთავაზა. მეც ამ საქმეზე გადავერთე, კომპანია გავხსენი.
98-ის დეკემბერში ფეხბურთის თამაში კიდევ რომ მდომებოდა, ტრავმების მიუხედავად დავბრუნდებოდი მოედანზე, მაგრამ ბურთაობის სურვილი წამითაც აღარ გამჩენია. დღეს კი უკვე 20 წელიწადზე მეტი გავიდა.
ყველა ამბობს, რომ ფეხბურთელისთვის 28 წელი ცოტაა, ჩემი აზრით კი ცოტა და ბევრი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მიაღწიე ამ 28 წლის განმავლობაში. მე საკმაოდ ბევრი შევძელი“.
დღეს შვედი თომას ბროლინი პარტნიორ გორან ედლუნდთან ერთად მტვერსასრუტებს აწარმოებს. მათი მტვერიჭამია აპარატები საკმაოდ მსუბუქია, ფასიც არ იკბინება და ბაზარზე კონკურენციას ფრიადი წარმატებით უძლებს. კომპანია „ტვინერი“ მთელს ევროპაში წელიწადში 130 000 მტვერსასრუტს ყიდის.
თომას ბროლინი 52 წლისაა. ის შვედური კლუბების გარდა თამაშობდა საუკეთესო პერიოდის „პარმაში“ (დინო ბაჯოსთან, ფერნანდო კოუტუსთან, ჯანფრანკო ძოლასთან, ფაუსტინო ასპრილიასთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად), „ლიდს იუნაიტედსა“ და „კრისტალ პალასში“. შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ბროლინმა 47 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
მან „პარმას“ შემადგენლობაში 1993 წელს თასების მფლობელთა თასი, 1995 წელს კი უეფას თასი მოიგო. 1993 წელს ის ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა.
1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრებმა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერიც ბროლინი გახლდათ, მესამე(!) ადგილი მოიპოვა.
1992 წელს შვედი ფორვარდი უეფას „ოქროს ბუცით“ დააჯილდოვეს, ხოლო 1994 წლის „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა. მასთან ერთად 68 ქულა რუმინელმა გეორგე ჰაჯიმ დააგროვა. იმ წელიწადს მთავარი ჯილდო ბულგარელ ხრისტო სტოიჩკოვს ერგო. მეორეზე გავიდა ლეგენდარული იტალიელი რობერტო ბაჯო, ხოლო მესამეზე პაოლო მალდინი.
ვისაც თომას ბროლინი ახალგაზრდობაში ახსოვს, დაგვეთანხმებით, რომ სანტა კლაუსსის ფორმაში იოლი საცნობი არ არის. ზედა, შავ-თეთრ ფოტოზე გვერდს მეუღლე მარიელ ლარსონი უმშვენებს.