31 წლის ტონი კროოსმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება. გერმანელს მკურნალობა გაუჯანჯლდა, თუმცა უკვე მზად არის „რეალის“ შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ ითამაშოს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა Spox-სა და Goal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მდგომარეობა ასე აღწერა:
„გახარებული ვარ, რადგან ექვს თუ შვიდთვიანი ტკივილი დასრულდა. აგერ, გუნდთან ერთად უკვე მესამედ ვივარჯიშე და ცუდი არაფერი მიგრძვნია.
მარტში უკვე მაწუხებდა ტკივილი და ვხვდებოდი, რომ მენჯზე პრობლემა მქონდა. არადა, იმხანად მკურნალობას ვერ დავიწყებდი, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი და ნახევარფინალი მქონდა სათამაშო, რასაც ევროპის ჩემპიონატი მოჰყვებოდა.
შემდეგ, გადავწყვიტე მენახა, როგორ იმოქმედებდა ჩემზე შვებულება. მაინტერესებდა, სამკვირიანი უქმობა ნატკენ ადგილს დამიამებდა თუ არა, მაგრამ როდესაც მადრიდში დავბრუნდი, ვნახე რომ ძვალი ძველებურად მტკიოდა.
როგორც გაირკვა, ეს არის ტრავმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის გარეშე ვერ მოიშუშებ.
ფსიქოლოგიურადაც ძალიან გამიჭირდა. ახალი პრობლემა, ჩემი ძველი პრობლემებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ამჯერად მთელი ნახევარი წლის განმავლობაში დავიტანჯე და ერთადერთი რამ მინდოდა ეს გახლდათ: ტკივილი გაყუჩებულიყო.
ოპერაციას კი ყოველთვის თერაპიული მკურნალობა მირჩევნია. არადა, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა, რადგან მთელი ექვსი თვე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი და თამაშებს შორისაც ტკივილით ვიტანჯებოდი“.
ტონი კროოსმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებთან ითამაშა. ის შეხვედრა გერმანიამ 0:2 წააგო.
კროოსმა 106 შეხვედრის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 08:25კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
