კობიაშვილი და პოლიტბიურო

Home დავთარი კობიაშვილი და პოლიტბიურო
კობიაშვილი და პოლიტბიურო

No description available.აი, ქართულ ფეხბურთზე ბრეჟნევი რატომ უნდა გაგახსენდეს?! უფრო სწორად, ანეკდოტი, რომელიც „უძრაობის ხანად“ წოდებულმა იმ ეპოქამ დაგვიტოვა – ბრეჟნევი თავის სპეცვაგონში ზის და პოლიტბიურო ვაგონს აჯანჯღარებს, რომ მოძრაობის ილუზია შეუქმნასო.

დაახლოებით ასეთ დღეში ვართ: ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი ვაგონში ზის და ფეხბურთის ფედერაცია აჯანჯღარებს. განსხვავება ისაა, რომ თავს აღარავინ იტყუებს. თუ არ გჯერათ, სფფ-ის ვებ გვერდზე ქომაგების მიერ დატოვებული კომენტარები ერთხელაც გადაიკითხეთ.

ბატონ ლევან კობიაშვილს ჭკვიან კაცად ვთვლიდი და ვთვლი. შესაბამისად, იმედი მქონდა, სხვების შეცდომებს გაითვალისწინებდა.

ამ სანაკრებო კვირეულში კი ერთგვარი დეჟავიუს შეგრძნება გამიჩნდა – ეს ხომ ნანახი გვაქვს! ზუსტად ასე „გააახალგაზრდავებინეს“ თავის დროზე ეროვნული გუნდი კლაუს ტოპმიოლერს. სულ უწვერული ბიჭები მიაძალეს და სულ ერთი ბუდიდან. იმ ბიჭების ცოდვა იმათ მოეკითხოს, ვინც სულ ზიდანებს და ვან ბასტენებს ეძახდა. იმათგან რომელმა ითამაშა სოლიდური ევროპული ჩემპიონატის დონეზე? როგორი შლეიფით წავიდა საქართველოდან ტოპმიოლერი? რა კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში ფედერაციის იმ პრეზიდენტმა?

თუმცა, ვის ვუყვები? ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი ( ახლა ვილი სანიოლის თანაშემწეა) იმ ნაკრების წევრები იყვნენ და ყველა დეტალი სხვაზე უკეთ იციან.

რად გინდა? ვერ გამოგვაქვს გაკვეთილი…

გასულ ერთ კვირაზე სამარცხვინო მონაკვეთი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ძნელად მოიძებნება. საქმე მხოლოდ ჯამურ 1:9-ში როდია. ახალგაზრდა ბიჭებში, სულ წვივების ჭახუნით რომ უნდა დაემტკიცებინათ საკუთარი ამბიციაც და გამოძახების სამართლიანობაც, ბრძოლის სურვილი ვერ დავინახეთ. ამის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს და ეროვნული გუნდის მაისურის მოცდენა მთლად დანაშაულია.

სამი შეხვედრის ანალიზს არავინ აპირებს. მოკლედ ვთქვათ: გამოძახებულთაგან 3-4 ფეხბურთელის გარდა ფიზიკურად და ფუნქციონალურად ნაკრებისთვის მზად არავინ იყო.

ახლა ვილი სანიოლზეც ვთქვათ: შემადგენლობის დაყენებით გაგვაოცა… გაუთავებელი უკან პასებით გაგვაოცა… საჯარიმოში გაუთავებელი დაკიდებებით გაგვაოცა… ესპანეთთან დაყენებული შემადგენლობით ხომ გაგვაოცა და გაგვაოცა… და ეს მაშინ, როცა სამ შეხვედრაში ფეხბურთელებმა ბურთს თავი ხეირიანად ერთხელაც ვერ დაუხვედრეს.

თუ თავმოყვარე კაცია, უკვე უნდა წავიდეს!

არადა, არ წავა – არ გაუშვებენ! ვინ არ გაუშვებს? საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, მილიონი მიზეზი მოიძებნება თავის გასამართლებლად, პასუხისმგებლობას კი არავინ იტვირთებს.

ეს ჩვენ, ქომაგები ვართ უმადურნი და ჩვენ არ ვართ ფეხბურთის გაგებაში, თორემ ვაგონი მშვენივრად ინჯღრევა.

ეს ჩვენ ვერ ვხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ორი ოფიციალური მატჩის შემდეგ ბულგარეთისგან ამხანაგური ალიყური.

ბატონო ლევან, ჩემთვის სფფ-ეს ხელმძღვანელობა ყაზახეთთან და ბელარუსთან „ეპოქალური“ გამარჯვებების მომტანად კი არა, მაკედონიელთათვის ევროსაგზურის პირდაპირ თბილისიდან გამტანებლად დარჩება.

რად გინდათ ეს ყველაფერი? გიღირთ ფეხბურთელობისას მოპოვებული აბსოლუტურად ალალი პატივისცემის და სიყვარულის განიავება?

სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო – ბრძენი ხალხის ნათქვამია. გვჯერა, რომ ამ ტვირთის აკიდებისას მართლაც გწამდათ, რომ მეტი და უკეთ გამოგივიდოდათ.

არ გამოგივიდათ!

იქნებ სხვას გამოუვიდეს, თორემ თავადაც ხედავთ, რომ უფსკრულში გადავიჩეხეთ და ვარდნა ისევ გრძელდება.

დროულად წასვლას გაჯიუტებაზე მეტი გამბედაობა უნდა.

გაბედეთ!

 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".