პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში ითამაშა. ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე სტუმართა სასტარტოში იყო, ისევე როგორც ბურჯი გიორგი ქართველიშვილი. პირველი 64-ე წუთზე შეცვალეს, მეორე – 10 წუთით ადრე, ხოლო ლიგის ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა 19:22 მარცხით სანუგეშო ბონუსი გამოიმუშავა.
ანალოგიურად, მცირე სხვაობით განცდილი მარცხისთვის ბონუს-ქულა ლიგაში ახალდაბრუნებულმა „ბრესანმაც“ მოიპოვა, რომელმაც „მონტობანს“ უმასპინძლა და 20:24 წააგო. მასპინძეთა შემადგენლობაში ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ „ჯამში“ 57 წუთი ითამაშა. ჯამში იმიტომ, რომ პირველიდან 37-ემდე ხომ ითამაშა, ხოლო მე-60 წუთზე მისმა შემცვლელმა ტრავმა მიიღო და ვაჟას დაბრუნებამ მოუწია.
„კარკასონმა“ „რუანს“ დიდი სხვაობით – 30:14 კი მოუგო, მაგრამ ამ შედეგს თავისი დამრტყმელის ჩუბინობის ხარჯზე მიაღწია, რაც ბონუსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართული რაგბის ერთ-ერთმა იმედმა იოანე იაშაღაშვილმა თავის ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა – შეხვედრაში სულ ბოლოს, 74-ე წუთზე ჩაერთო. „რუანში“ კი ასევე დებიუტი იოს თანატოლს, ბურჯ ხვიჩა ცოფურაშვილს ჰქონდა, რომელიც 36-ზე შევიდა მოედანზე, თუმც – მხოლოდ 66-ე წუთამდე.
სულ ბოლოს კი ფავორიტთა კიდევ ერთი მატჩი შედგა – „გრენობლმა“ საკუთარ მოედანზე „ოიონა“ მიიღო და 14:22 წააგო. საინტერესოა, რომ 62-ე წუთამდე ალპელები 0:19 მარცხდებოდნენ და ანგარიშის გახსნა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს. მათ სასტარტო 15-ეულში გამოცდილი ბურჯი ზურა ჟვანია იყო, რომელიც 48-ე წუთზე უფრო ახალგაზრდა ლუკა გოგინავამ შეცვალა. სტუმართა შორის კი 61-ეზე ასევე ბურჯი ბექა კაკაბაძე გამოჩნდა.
ეს იყო და ეს… ლიგის მრავალრიცხოვანი ქართველობიდან პირველ ტურში მხოლოდ 9 ჩვენებური ვიხილეთ. მომდევნო ტური – მომავალ უქმეებზე.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
