ესეც 36! „ევროპის რაგბის“ სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადში სწორედ ამდენი მორაგბე უნდა ირიცხებოდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განაცხადში მინიმუმ 36 მოთამაშე უნდა იყოს, თორემ გაფართოებულ შემადგენლობაში 40 და 50-იცაა დაშვებული.
აქამდე ვიუწყებოდით, რომ პირველ ქართულ სარაგბო ფრენჩაიზ „შავ ლომთან“ კონტრაქტი 34-მა მოთამაშემ გააფორმა, ახლა კი მათ 2 ნიჭიერი ახალგაზრდაც დაემატა და განაცხადის მინიმალური მოთხოვნები ამით დაკმაყოფილდა.
„შავ ლომს“ შეუერთდნენ 22 წლის ბურჯი ნიკა აბულაძე და 20 წლის მგეზავი ლუკა მატკავა.
აბულაძე იმავდროულად ბოლნისის „ყოჩების“ წევრიცაა და გაზაფხულზე, რუმინეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენობაში სადებიუტო კეპიც მოიხვეჭა.
რაც შეეხება მატკავას, 20 წლის მგეზავი რამდენჯერმე მოხვდა ბორჯღალოსანთა გაფართოებულ რაზმში, თუმცა ოფიციალურ მატჩში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია. ლუკა გასულ სეზონში მარნეულის „არმაზის“ ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მექულე გახლდათ და საერთოდაც, ის თავისი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენლად მიიჩნევა.
ასე რომ, „შავი ლომი“ შეივსო და ემზადება სუპერთასის სტარტისთვის, რომელიც არცთუ შორსაა – ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 18-19 სექტემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
