სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან 32 წლის ჯერომ ბოატენგი? 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ამ ზაფხულს „ბაიერნთან” ათწლიანი ურთიერთობა დაასრულა. მას ბავარიელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ ისურვეს.
და აი, ბოლო დღეებში გამოჟონა ინფორმაციამ — ბოატენგს გეზი ესპანეთისკენ უჭირავს. მას მოლაპარაკება „სევილიასთან” წამოუწყია.
„ბაიერნთან” გამომშვიდობებისას ბოატენგმა თქვა: „გასული სეზონი კარგად ჩავატარე. ტრავმის გამოც არაფერი გამომიტოვებია. ამიტომ ვასკვნი, რომ ორი-სამი წელიწადი ჯერ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში”.
ანდალუსიაში გერმანელს ნამდვილად ექნება შეგრძნება, რომ ტოპ-დონეზე გამოდის. „სევილია” ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგა კი უმაღლესი დონის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც „სევილიას” სასარგებლოდ მეტყველებს. ამ გუნდის ცენტრალური მცველი, 22 წლის ფრანგი ჟიულ კუნდე შეიძლება „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდეს. შესაბამისად, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის მის შესაცვლელად გამოცდილი მოთამაშე დასჭირდება.
საინტერესო ფაქტი: ბოატენგმა კავშირი გაწყვიტა საკონსულტაციო კომპანია LIAN Sports-თან (ტრადიციული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თავის აგენტთან) და მის ინტერესებს ახლა ოჯახის წევრები წარმოადგენენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
