ყველაზე მოკლედ „ატლეტიკოსა” და „ჩელსის” პირველი მერვედფინალური შეხვედრა კატალონიურმა „სპორტმა” აღწერა, ეს იყო მოსაწყენი მატჩი, რომლის ბედიც ოლივიე ჟირუს საუცხოო მაკრატელა დარტყმამ გადაწყვიტაო.
ლონდონის გუნდში მოთამაშე ფრანგმა ეს მართლაც ლამაზი გოლი 68-ე წუთზე შეაგდო, ოღონდ შემდეგ სამი წუთის განმავლობაში იდგა და ელოდა რას გადაწყვეტდა VAR-ი. საბოლოოდ, ვიდეორეფერიმ დაასკვნა, რომ ჟირუს ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის მარცხენა მცველისგან მარიო ერმოსოსგან მიუვიდა და გოლი ჩათვალა.
„სპორტი” წერს, რომ „ატლეტიკო” ალბათ გააპროტესტებს კორონაპანდემიის გამო ნეიტრალურ მოედანზე, ბუქარესტში რომ ათამაშეს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დიეგო სიმეონეს ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში უსახურად მოქმედებდნენ და „ჩელსის” სენეგალელი მეკარე ედუარ მენდი არ შეუწუხებიათ.
მადრიდელების ერთადერთი სახიფათო მომენტი იყო მაშინ, როდესაც ფრანგი თომა ლემარი ურუგვაელი თანაგუნდელის ლუის სუარესის ჩაწოდებულს ვერ მიწვდია; მიზანს ააცილა პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმაც.
საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 17 მარტს „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება, მასპინძლებს არ ეყოლებათ მეისონ მაუნტი და ჟორჟინიო, რომლებმაც ბუქარესტში ყვითელი ბარათი მიიღეს.
ამრიგად, „ჩელსის” გაუჩნდა კარგი შანსი ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ბოლოს „ლურჯებმა” მერვედფინალური რუბიკონი 2014 წელს გადალახეს. ბედის ირონიით, იმ წელიწადს, ნახევარფინალში, სწორედ „ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ.
გარდა ამისა, ეს გახლდათ ლონდონელების გერმანელი მწვრთნელის პირველი შეხვედრა კონტინენტურ შეჯიბრებაში ახალი გუნდის თავკაცის რანგში. სულ, თომას ტუხელს, რაც „ჩელსის” უდგას სათავეში, უკვე 8 თამაშია არ წაუგია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
