„მანჩესტერ სიტი” ლეო მესის ახლა უკვე 170 მილიონი გირვანქით (196,085 მილიონი ევროთი) ნაკლებს სთავაზობს. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ „ქალაქელები” ხუთწლიან კონტრაქტში 600 მილიონ გირვანქას (692.066 მილიონ ევროს) იხდიდნენ.
„სანი” იტყობინება, რომ პრემიერლიგის ლიდერი 34 წლის არგენტინელს ზაფხულში მათთან გადასვლას უკვე „მხოლოდ” 430 მილიონ გირვანქად სთავაზობს.
მანჩესტერელთა გარდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით „პარი სენ ჟერმენიც” არის დაინტერესებული. შესაბამისად, ფეხბურთელს ვაჭრობის და არჩევის საშუალება აქვს.
მესის „ბარსელონასთან” ხელშეკრულებას ვადა ივლისში ეწურება.
რატომ სთავაზობს „სიტი” მესის ადრინდელზე ნაკლებს? მიზეზი ორია: კორონაპანდემიამ მსოფლიო ფეხბურთში ეკონომიკური ვითარება შეცვალა და ფეხბურთელი ბერდება. რასაკვირველია, მესი ზაფხულში იმავე ასაკის იქნება, რა ასაკისაც იქნებოდა ექვსი თვის წინანდელი გადასახედიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დრო 34 წლის ფეხბურთელისთვის სასიკეთოდ არ გადის.
მესის აგენტთა გუნდმა, რომელსაც მამამისი ხორხე უდგას სათავეში, ვარსკვლავის შეძენის ყველა მსურველს ადრევე შეუთვალა, თავიანთი წინადადებები 2020 წლის დეკემბრისთვის წარმოედგინათ.
ვერ გეტყვით, ნახევარი მილიარდის გადახდის სურვილი რამდენმა კლუბმა გამოხატა, კონკრეტულად „მანჩესტერ სიტის” წინადადება კი ასეთია: ორი გარანტირებული წელიწადი „ეტიჰედზე”, პლუს კიდევ ერთი წლით დარჩენის შესაძლებლობა და ბოლო ორი წელიწადი ამერიკაში, „ნიუ იორკ სიტიში”. „ნიუ იორკ სიტი” და „მანჩესტერ სიტი” ჰოლდინგ „სიტი ფუტბოლ გრუპის” კლუბებია.
ამბობენ, რომ ხელშეკრულება, რომელსაც „სიტი” მესის სთავაზობს, ჯამში რვაწლიანია და „სიტი ფუტბოლ გრუპის” ელჩობასაც გულისხმობს. მოკლედ რომ ვთქვათ, არგენტინელს ინდოეთში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც მოუწევს ბურთის გაგორება ერთი სეზონით მაინც. თუმცა, ეს უკვე მის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული — იმ დროისთვის ლიონელ მესი 40 წლისა იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
