სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

Home დავთარი სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ.
რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება.

უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი მარცხნიდან გაამწესეს, გრიზმანი ცენტრშია, მესი კი მარჯვნიდან „ცრუ ცხრიანს“ თამაშობს. აშკარაა სეტიენის ჩანაფიქრი: ლეო ისე ღრმად აღარ იხევს უკან. ბუსკეტსი უფრო შემქმნელი იქნება, ვიდრე ჩამშლელი და ლეოსაც გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცემა შემოქმედებისთვის.
სხვა საქმეა ანტუან გრიზმანი, რომელმაც შეტევებში ჩართულ ჟორდი ალბას ზონა უნდა გაუთავისუფლოს და ცენტრისკენ შეიწიოს ხოლმე. ჟორდი ალბა სეტიენის ხელში იგივე უნდა გახდეს, რაც პეპის გუნდში დანი ალვეში იყო. მაშინ შეტევებით გართულ ალვეშს ხშირად აკრიტიკებდნენ დაცვის ფლანგის მოშიშვლების გამო. ალბა გაუმჯობესებული ვარიანტია – დაუღალავია და უკან დაბრუნებასაც ასწრებს.

სეტიენს გვარდიოლასეული 3-4-3-ის დაბრუნება სურს. მაშინ ეს სქემა სესკ ფაბრეგასის ბოლომდე დასატვირთად იყო საჭირო. თუ სეტიენს ჩანაფიქრი გაუმართლებს და გვარდიოლასეულ მონახაზებს გააცოცხლებს, „კამპ ნოუზე“ ნამდვილი კატალონიური ფეხბურთი დაბრუნდება. აღარც ახალ მწვრთნელზე მოუწევთ ფიქრი.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".