საქართველო რიდით ვარჯიშობს

საქართველო რიდით ვარჯიშობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება. ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მარკიზ რიდი გუშინვე შეუერთდა. მის გარდა კი ამ დროისთვის ნაკრების შემადგენლობაში არიან:

რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ალავიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე.

უახლოეს დღეებში გუნდი კიდევ ორ კალათბურთელს ელის – თორნიკე შენგელიასა და სანდრო მამუკელაშვილს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ვარჯიში ორი სეგმენტისგან შედგებოდა: პირველი ბლოკი ფიზმომზადებას დაეთმო – კალათბურთელებმა ვარჯიშის დასაწყისში გასახურებლად სიმძიმეებითა და ტრენაჟორებით ისარგებლეს. შემდეგ დაიწყო საკალათბურთო ბლოკი, რომელიც კომბინირებული დავალებებისგან შედგებოდა. ბიჭებმა მრავალი სახის, ძირითადად ტაქტიკურ-კომბინაციურ კომპონენტებში ივარჯიშეს, რაც, ტრადიციისამებრ, პერიმეტრიდან და სხვადასხვა პოზიციიდან სროლებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხვალაც იმავე დარბაზში ივარჯიშებს, ზეგ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს ეთამაშება.

მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს, რიგაში, უკრაინასთან და 5 ივლისს, თბილისში, ესპანეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ ექვსი მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.