კატალონიური გამოცემა „სპორტი” აანალიზებს, თუ რატომ ვერ მოუგო ოთხშაბათს, „კამ ნოუზე” გამართულ „ელ კლასიკოში”, „ბარსელონამ” „რეალს”. მეტიც, საყოველთაო აღიარებით, შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა, სტუმრებმა მასპინძლებზე უკეთ ითამაშეს.
„სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” გეგმა აერია. ვალვერდე არ ელოდა, ზიდანი ისკოს სასტარტო შემადგენლობაში თუ დააყენებდა, რამაც ყველაფერი შეცვალა. „ბარსელონა” დადგა ფაქტის წინაშე, რომ „რეალს” მოედნის შუაში იმაზე მეტი ხალხი ჰყავდა ვიდრე ელოდნენ. მინდვრის ცენტრში მადრიდელთა რიცხობრივ უპირატესობას ზრდიდა ბენზემაც, რომელიც ხშირად ჩარბოდა უკან. ერთადერთი, ვინც „ბარსელონას” წისქვილზე დაასხა წყალი გარეთ ბეილი იყო. ის თავდასხმაში მეტწილად საჯარიმოს გარეთ იდგა, რამაც უშუალოდ ტერ შტეგენის მიდამოებში დაძაბულობა შეამცირა.
კიდევ, კატალონიელი ჟურნალისტები წერენ, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელებს იმაზე გაცილებით მეტი სირბილი მოუხდათ, ვიდრე თავად ელოდნენ, რამაც მათი გადაღლა გამოიწვია. თამაშის სცენარიდან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ბარსელონელებმა მეტოქეზე ერთი დღით მეტი დაისვენეს, გაბათილდა. იძულებით უკან დგომა, პრესის გაძლება და თავის დაცვა ყოველთვის დამქანცველია. შეხვედრის მსვლელობისას ბარსელონელებს არ ჰქონდათ დრო და სივრცე გააზრებული კონტრშეტევებისთვის, რასაც ემატებოდა ღელვა — ისინი გრძნობდნენ, რომ მთავარ მოქიშპესთან მშობლიური კედლების უპირატესობას ვერ იყენებდნენ.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, „ბარსელონას” ნახევარდაცვაში აკლდა სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც იმ დღეს სიცხე ჰქონდა. მართალია, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მის მოედანზე შესვლას აზრი არ ჰქონდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:14ეს სპონტანური რაიან შერკი
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
