ტაკუმი მინამინო „ლივერპულში“ ჩავიდა და დღეს „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ „ზალცბურგის“ 24 წლის იაპონელი ვარსკვლავი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ლივერპული“ კი „ზალცბურგს“ 7,25 მილიონ გირვანქას გადაუხდის.

მოლაპარაკებები უკვე დამთავრებულია, მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი.
მინამინო კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს მოსვლია თვალში. ვერცხლისწყალივით მოძრავი, სწრაფი და დაუღალავი აზიელი, ალბათ, კარგად მოერგება კლოპის გეგენპრესინგის რეაქტიულ სტილს.
„გადამწყვეტ ეტაპზე ახალი, მარდი ფეხები გვჭირდება,“ – თქვა იურგენ კლოპმა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს იხსნება და ამ დროისთვის ყველა ფორმალობა მოგვარებული უნდა იყოს.
სავარაუდოდ, მინამინოს დებიუტი ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში შედგება ევერტონთან დერბიში. ისევე, როგორც ორი წლის წინ ვირჯილ ვან დეიკისა.
როგორ შეეწყობა ის მერსისაიდელთა მრისხანე შემტევ სამეულს (ფირმინო – მანე – სალაჰი), ეს მხოლოდ კლოპმა იცის. თუმცა, იაპონელს თავდამსხმელების უკანაც შეუძლია გარჯა.
ლივერპულის სკაუტები ამბობენ, რომ მინამინოს რეალური სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონზე მეტია, ამიტომ 7 მილიონად ნაჩუქარიაო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
