ფეხბურთისა და ფულის ურთიერთობა ყოველდღიურად უფრო მეტად ღრმავდება. ფეხბურთელების ხელფასები, მათ შესაძენად გადახდილი თანხები და ის ყოველწლიური ხარჯები, რაც საფეხბურთო კლუბებს აქვთ, უბრალოდ ასტრონომიულია.
2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფასად ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთი შეხედვით დალაგებულ სატრანსფერო ბაზარზე, ფასები ერთი-ორად გაიზარდა და თუ კი 3 წლის წინ მადრიდის „რეალი“ ფერლან მენდიში 27 მილიონს გადაიხდიდა, გასულ ზაფხულს ფრანგი მცველის შეძენა 21 მილიონით მეტი დაუჯდა.
უკვე მივეჩვიეთ და აღარ გვიკვირს ისეთი ფეხბურთელებში 100 მილიონზე მეტის დახარჯვა, როგორებიც კილიან მბაპე, ფილიპე კოუტინიო, გარეთ ბეილი და ედენ აზარი არიან, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისზეც დიდძალი ფსონი გაკეთდა, ახლა კი მათი ადგილი სათადარიგოთა სკამზეა.
ახლა კი 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, ვისი მოვალეობაც უმეტესად მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შესვლაა.
10. მესუთ იოზილი (არსენალი) 47 მილიონი ევრო
21-ე საუკუნეში, საგოლე პასების ერთერთ საუკეთესო შესმრულებელს უნაი ემერი აღარ ენდობა. გერმანელის რეგრესი ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ მალევე დაიწყო და პირველი წარმატებული სეზონების მერე, მან ნელ-ნელა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. 2018 წლის რუსული მონდიალის შემდეგ, იოზილს „მეთოფეთა“ ძირითადში ადგილი იშვიათად ერგება.
9. ფერლან მენდი (რეალი) 48 მილიონი
ფრანგი განაპირა მცველი სამეფო კლუბში პირველ სეზონს ატარებს, თანაც მას ისეთი გამოცდილი და ტიტულოვანი კონკურენტი ჰყავს, როგორიც ბრაზილიელი მარსელოა. ამ სეზონში 24 წლის მარცხენა ფლანგელმა „ბლანკოსის“ ძირითად შემადგენლობაში ოთხჯერ დაიწყო.
8. ედერ მილიტაო (რეალი) 50 მილიონი
ამჯერადაც ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გარშემო ვტრიალებთ და საქმე ამჯერადაც გასულ სატრანსფერო სეზონში დამატებულ ფეხბურთელთან გვაქვს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და 21 წლის ასაკში ძირითად შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა, საერთო ჯამში კი ოთხჯერ. მადრიდელებს დაცვის ცენტრში ისეთი წყვილი ჰყავს, როგორიც რაფაელ ვარანი და სერხიო რამოსი არიან, ამ ეტაპზე კი მილიტაო მხოლოდ მათ შემცვლელად გამოიყენება.
7. ნაბი კეიტა (ლივერპული) 60 მილიონი
ევროპის უძლიერეს გუნდში ყველაზე დიდი კონკურენცია ნახევარდაცვაშია. „ლაიფციგის“ ყოფილ ფეხბურთელს სათამაშო დრო სტაბილურად ეძლევა, თუმცა არა ძირითად შემადგენლობაში. აქ 24 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ჯორდან ჰენდერსონის, ჟორჟინიო ვაინალდუმის, ჯეიმს მილნერის, ხერდან შაქირის და ადამ ლალანასთვის კონკურენციის გაწევა უწევს.
6. ანტონი მარსიალი (მანჩესტერი) 60 მილიონი
„მანჩესტერის“ ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკა ამოუხსნელია. „წითელმა ეშმაკებმა“ შესანიშნავ ფორმაში მყოფი რომელუ ლუკაკუ იყიდეს, ვერ გამოიყენეს და მილანის „ინტერში“ გაუშვეს, სადაც გოლი-გოლზე გააქვს. დაიმატეს ალექსის სანჩესი და პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს, თუმცა წელიწადნახევარში ისიც ლუკაკუს გზას გაუყენეს. კიდევ ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები სათანადოდ ვერ იყენებენ, ფრანგი შემტევია. სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელს სტაბილურად ძირითადი შემადგენლობის წევრად ჟოზე მოურინიო არ განიხილავდა, ოლე გუნარ სულშერმა კი ფეხბურთელს უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა და შედეგიც სახეზეა – 10 მატჩში 5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
5. ლუკა იოვიჩი (რეალი) 60 მილიონი
წინა სეზონის აღმოჩენა სწორედ სერბი თავდამსხმელი გახლავთ. ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლის და ბუნდესლიგაში ჩინებული თამაშის შემდეგ, სერბი სამეფო კლუბში აღმოჩნდა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 2 გოლის გატანაც მოასწრო, წინა სეზონში ყველა ტურნირზე 27 ბურთი შეაგდო და 7-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა, თუმცა „ბლანკოსებში“ შედეგიანობის თვალსაზრისით მოიკოჭლებს.
ზიდანის ხელმძღვანელობით ძირითად თერთმეტეულში მან მხოლოდ სამჯერ ითამაშა, მთელს სეზონში კი მოედანზე 319 წუთი აქვს გატარებული, რა დროშიც მეტოქის კარის ერთადერთხელ აღება მოახერხა.
4. ჟოაო კანსელო (მან. სიტი) 65 მილიონი
პეპ გვარდიოლამ „იუვენტუსის“ განაპირა მცველისთვის დიდი ფინანსები გაიღო, თუმცა ბოლო შეხვედრებია, შეცვლაზეც აღარ შეჰყავს. 25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს კაილ უოლკერისთვის კონკურენციის გაწევა უწევს.
3. რიად მაჰრეზი (მან. სიტი) 67 მილიონი
„ლესტერის“ სენსაციური, საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმჟამინდელი ფორმისგან ძალიან შორსაა და უმეტესად მოედანზე შესვლა მაშინ უწევს, როცა რაჰიმ სტერლინგი ან ბერნარდო სილვა დაიღლება. ლეროი სანეს ტრავმის გამო, 28 წლის ალჟირელ შემტევს შედარებით მეტი სათამაშო დრო მიეცა, თუმც ძირითადად მაინც სათადარიგო ფეხბურთელად განიხილება.
2. ხამეს როდრიგესი (რეალი) 75 მილიონი ევრო
„ბაიერნში“ 2-წლიანი განათხოვრების და იქ წარმატებული სეზონების შემდეგ, კოლუმბიელს ესპანეთში მეორე შანსი მიეცა, თუმცა ზინედინ ზიდანი ხამესს კვლავ არ ენდობა.
1. უსმან დემბელე (ბარსელონა) 125 მილიონი
ნეიმარის წასვლის შემდეგ, „ბარსელონას“ სატრანსფერო ბაზარზე გააზრებული არაფერი გაუკეთებია. კატალონიური კლუბის ბოსები მილიონობით ევროს ჰაერში ისვრიან და თვლიან, რომ ტიტულების მოგებას მხოლოდ ტოპ ვარსკვლავების შეძენითა და „რეალის“ მსგავსი „გალაქტიკოს“ შექმნით შეძლებენ. ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი ნიჭიერი ფრანგია, რომელსაც „დორტმუნდში“ ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თუმცა „ბლაუგრანაში“ კონკურენტად ჯერ ფილიპე კოუტინიო, შემდეგ კი ანტუან გრიზმანი ჰყავდა. 22 წლის თავდამსხმელს ცვლილებაზე შესვლის შემდეგ, „ბარსასთვის“ ქულები მოუტანია, თუმც ერნესტო ვალვერდე მას ძირითად შემადგენლობის სტაბილურ წევრად მაინც არ განიხილავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
