იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია

Home კატეგორიის გარეშე იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან  მიწაზე დაშვება.

ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი ჩააგდო, რაც უკვე ჩვეულ ამბად იქცა. თითქმის 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ერთადერთი გამონათება ახლადდაარსებული ტურნირის – ერთა ლიგაში წარმატება გახლდათ, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე გაიმართა. ვლადიმირ ვაისს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე შესარჩევი ციკლი ჩააგდო აქტივში მხოლოდ D დივიზიონის ერთი ჯგუფის მოგებას თუ ჩავუთვლით, თუმცა საქმე იქაც ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია. ჯვაროსნებს მარტში ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური დაპირისპირება ელის, შემდეგ კი ვინძლო ქომაგსაც ეღირსოს დიდი სიხარული.

მანამდე კი 15 ნოემბერს, შვეიცარიის ძლიერ ნაკრებთან ევრო 2020-ის ბოლო მატჩია გასამართი. იქიდან კი, 19 ნოემბერს, ქალაქ პულაში, ხორვატებთან ამხანაგურად გაჯიბრება იგეგმება.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა სპეციალისტმა 2019 წლის ბოლო მატჩებისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა. ვლადიმერ ვაისმა ამათ უხმო:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

ტრავმების გამო ნაკრებს ამჯერად ვერ დაეხმარებიან  საბა ლობჟანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლაშა დვალი.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...