მახრჩობელა

Home დავთარი მახრჩობელა
მახრჩობელა

დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა.

ფაქტია, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვს, UFC-ის მსუბუქ წონაში ამ ეტაპზე ტოლ-სწორი მოწინააღმდეგე არ ჰყავს. შარშან, ოქტომბერში კონორ მაკგრეგორის გალახვის შემდეგ, ჰაბიბი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა და გულშემატკივრებსაც იმედები არ გაუცრუა. რადგან კონორი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ დასტინ პორიე ბრძოლის დასრულების შემდეგ გაცილებით ღირსეულად იქცეოდა, ვიდრე ირლანდიელი სპორტსმენი – როდესაც ის მარცხს ვერ შეეგუა და ჰაბიბის სიტყვიერი შეურაცხჰყოფა მიაყენა.

ამრიგად, ჰაბიბ ნურმაგომედოვმა თავის 31-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა და მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი წელზე დაიტოვა.

დაღესტნელმა, თავისი შესანიშნავი კარიერის მანძილზე რინგზე მარცხი რა არის ჯერ არ იცის, ხოლო მოგებას გემო იცოცხლეთ – უკვე 28-ედ გაუსინჯა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.