სარეკორდო გარიგება – 3.5 მილიარდი

Home აქეთურ-იქითური სარეკორდო გარიგება – 3.5 მილიარდი
სარეკორდო გარიგება – 3.5 მილიარდი

ასეთ თანხაზე მსოფლიო სპორტში ჯერ არ უსაუბრიათ. რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა NBA-ს „ბრუკლინ ნეთსი“ და მისი საშინაო არენა ჯამში 3.5 მილიარდ დოლარად გაყიდა.

თავის დროზე პროხოროვს კლუბის სრული აქტივების გამოსყიდვა 1.7 მილიარდი დაუჯდა, თუმცა საშინაო არენა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მშენებლობა პროხოროვის ხელში დასრულდა. ყველაზე ცუდი სეზონი (2013-2014 წ.წ.) კლუბმა 144 მილიონი ზარალით დაასრულა, თუმცა ბოლო წლებში სტაბილურად მომგებიანია.

ჩინელმა ამერიკელმა ჯოზეფ ცაიმ აქტივების 49 პროცენტი ჯერ კიდევ შარშან შეიძინა და უფლება დაიტოვა, 2021 წლამდე დანარჩენიც გამოესყიდა. ბუღალტერიაში კარგად ჩახედვის შემდეგ ცაი მიხვდა, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს და დარჩენილი 51% ორი წლით ადრე დაიბევა.

ცაი ტაივანელი ჩინელია, მაგრამ ლოიალურია ჩინეთის ხელისუფლების მიმართ და ეს ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებაში. ცაი „ალიბაბა გრუპის“ სტრუქტურაში მეორე კაცია. მისი აქტივები 9 მილიარდზე მეტად ფასობს და მესამედი კალათბურთში აქვს დაბანდებული. აქამდე მან უკვე შეიძინა ქალთა NBA-ს გუნდი „ნიუ იორკ ლიბერთი.“ ახლა ეს გუნდიც ბრუკლინში გადაბარგდება და საშინაო მატჩებს სწორედ „ნეთსის„ არენა „ბარკლაი ცენტრში“ გამართავს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...