გვიყვარხარ, ლორის!

Home აქეთურ-იქითური გვიყვარხარ, ლორის!
გვიყვარხარ, ლორის!

„ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ ლორის კარიუსმა, რომელმაც შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ინტერნეტით გულწრფელი მილოცვა გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები 2018 წელსაც იყვნენ ფინალში, სადაც „რეალთან” წააგეს 1:3. გაშვებული გოლებიდან ორი კარიუსის ბრალი იყო.

მწარე დამარცხების შემდეგ კარიუსი „ლივერპულმა” სტამბოლის „ბეშიქთაშში” გაუშვა, თავად კი „რომადან” ბრაზილიელი ალისონი შეიძინა. ალისონმა გაამართლა.

შაბათს, 2019 წლის ფინალში, „ლივერპულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხა 2:0 და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გერმანელმა გოლკიპერმა კი ყოფილ თანაგუნდელებს „ტვიტერში” მიწერა: „გილოცავთ. გულწრფელად ვიზიარებ ყველას, კლუბის და ფანების სიხარულს. თქვენ ამას იმსახურებდით”.

და „ლივერპულის” ფანებმა თავიანთ ყოფილ მეკარეს თბილადვე უპასუხეს:

„ლორის, ძმაო, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს”, — დაწერა ერთმა.

„ეს საღამო შენც გეკუთვნოდა, ლორის!”, — თქვა მეორემ.

„შენი მოლოცვა ბევრს ნიშნავს, კარიუს. არ დაგავიწყდეს, You’ll Never Walk Alone!!!!” — ესტაფეტა აიტაცა მესამემ.

„გვიყვარხარ, ლორის!” — დააგვირგვინა მეოთხემ.

ლორის კარიუსი „ბეშიქთაშში” 2020 წლამდეა იჯარით გაშვებული, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, „ლივერპული” მას აღარ დაიბრუნებს. ან ახალ იჯარას გაუფორმებს სადმე ან უბრალოდ გაყიდის.

 

 

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.