ვან დიიკის დანაშაულებრივი შეცდომა

Home კატეგორიის გარეშე ვან დიიკის დანაშაულებრივი შეცდომა

არსენ ვენგერმა და რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დიიკის შეცდომას დანაშაულებრივი უწოდეს — ლაპარაკია ლუის სუარესის გოლზე „ლივერპულის” კარში. „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონამ” „ლივერპულს” 3:0 მოუგო. სუარესის გოლი სამიდან პირველი იყო.

ეპიზოდი ალბათ ყველას ახსოვს: ჟორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ბურთი მერსისაიდელთა საჯარმოში ჩააწოდა, სადაც ყოფილმა ლივერპულელმა ვან დიიკის „ჩაძინებით” ისარგებლა და ის კარში შეაგდო.

ეს გოლი 26-ე წუთზე გავიდა (03:26 VIDEO) და ის იურგენ კლოპის გუნდისთვის დიდი დარტყმა გამოდგა.

მეორე გოლი „ბარსელონამ” 75-ე წუთზე შეაგდო, როდესაც იმავე სუარესის დარტყმული ხარიხას მოხვდა და პირდაპირ მესისთან ჩამოვარდა, რომელმაც დაუცველ კარში შეაგდო; ხოლო 82-ე წუთზე მესიმ დიდებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა.

ფერდინანდმა თქვა: „პირველი გოლი პირწმინდად ვან დიიკის ბრალი იყო. ის ხედავდა სუარესს, რომელმაც თანაგუნდელს აჩვენა, სად უნდოდა პასის მიღება. ეს ნამდვილად არ იყო ბირთვული ფიზიკის სირთულის ამოცანა. როდესაც საჯარომოში მეტოქის 9 ნომერია, ეს შენი კაცია და ყურადღებით უნდა იყო. ვან დიიკი კი სტატიკურად იდგა, რაც დანაშაულებრივი შეცდომა იყო”.

ხოლო ვენგერმა, რომელიც BeINsports-ზე მუშაობს, დასძინა: „ვან დიიკი სუარესზე უნდა გადასულიყო და ყურადღებით ყოფილიყო. საოცარია, მისი დონის ცენტრალურ მცველს ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა. ეპიზოდის დასაწყისში მისი პოზიცია ცუდი არ იყო, მაგრამ მან ამით ვერ ისარგებლა”.

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.