კაილი უოქერის პრობლემა

Home კატეგორიის გარეშე კაილი უოქერის პრობლემა

ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის” ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან” და „ჰოფენჰაიმთან” არ ათამაშა, შემდეგ კი „კრისტალ პალასთან” ენდო და… ვაგლახ, უოქერმა უხეში შეცდომები დაუშვა. მას შემდეგ მცველი ისევ სათადარიგოთა სკამზე გადაბარგდა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში „საუთჰემპტონთან” და „ლივერპულთან” ცოტა ხნით მაინც ჩართეს საქმეში.

რჩება შთაბეჭდილება, რომ გვარდიოლას უოქერი ან აღარ მოსწონს ან ათვალისწუნებული ჰყავს, მაგრამ ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა, რომ სინამდვილეში მიზეზი სხვა ყოფილა. თურმე კაილი უოქერს მუცლის ქრონიკული პრობლემები აქვს და ოთხი წლის წინ ოპერაციაც კი გაუკეთებია. როგორც ჩანს, ახლა სწორედ ამ პრობლემებმა იჩინეს თავი, რამაც მცველის თამაშს დაღი დაასვა.

გასულ სეზონში კაილი უოქერმა მიყოლებით პრემიერლიგის რამდენიმე თამაში გამოტოვა, ოღონდ უკვე მაშინ, როდესაც „სიტი” ჩემპიონი იყო და რა შემადგენლობით ითამაშებდა, დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ზაფხულში ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.

ახლა, მას-მედია წერს, რომ გვარდიოლა უოქერს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „როტერჰემთან” ათამაშებს, მაგრამ პრემიერლიგის შეხვედრებში მის რეგულარულ დატვირთვას ჯერჯერობით მაინც ფრთხილად მოეკიდება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...