დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს

Home კატეგორიის გარეშე დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს

ჩრდილოლონდონური დერბის დროს დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს. ბოთლი ცხადია პლასტიკური იყო და ადვილი მისახვედრია, რომ ის ტრიბუნიდან ისროლეს.

„არსენალის” მცველი სოკრატისი სასწრაფოდ მივარდა „ტოტენჰემის” ნახევარმცველთან დასახმარებლად. დელე ალი კი მეთოფეთა გულშემატკივრებისკენ შეტრიალდა და თითებით 2:0 აჩვენა.

ინგლისური პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იმავე თვეში მოხდა, როდესაც იმავე გუნდების შეხვედრაში „ტოტენჰემის” მავანმა ფანმა არსენალელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბანანის ქერქი ესროლა. ფანს მიაგნეს და დასაჯეს.

ბანანის ქერქის სროლა პრემიერლიგის შეხვედრაში მოხდა, ხოლო ბოთლისა „კარაბაოს თასზე”, რაც იგივე ლიგის თასია.

„არსენალის” კარში ტოტენჰემელთაგან გოლები ჰინ მინ სონმა და ბოთლმორტყმულმა 22 წლის დელე ალიმ გაიტანეს.

როდესაც დელე ალის მატჩის მერე ბოთლის სროლის ეპიზოდზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ამ ინციდენტმა დღეს ჩემ მიერ გატანილი გოლი უფრო სასიხარულო გახადა”.

„ტოტენჰემის” მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ „არსენალს” „შტერი გულშემატკივრის” გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდა.

„საბედნიეროდ, დღეს გადავრჩით, რადგან ბოთლი დელე ალის მტკივნეულად არ მოხვდა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა საქმე გაცილებით სერიოზულადაც ყოფილიყო. იმედი მაქვს „არსენალი” მომხდარს პასუხისმგებლობით მოეკიდება და დამნაშავეს მიაგნებს”, — თქვა პოჩეტინიომ.

 

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...