
„დინამომ“ ნავსი გატეხა, თანაც როგორ შეხვედრაში, მატჩში, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს წლევანდელ სეზონში. „საბურთალოს“ ორჯერ მოეგო წლეულს „დინამოსთვის“, აპრილში სტუმრად და ივნისში შინ, ორივეჯერ მინიმალური ანგარიშით. ამჯერადაც იგებდნენ გაგი მარგველაშვილის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ გიორგი რეხვიაშვილმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში (ეს მე-13 ავტოგილი გახლდათ სეზონში), მესამე დამატებულ წუთზე კი ლევან შენგელიამ ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა ცაციათი, საჯარიმოს კუთხიდან, შორეულ დაბალ კუთხეში.
ახლა დინამოელები 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ საბურთალოელებს და თამაშით ნაკლები აქვთ. ასე რომ, საჩემპიონო ინტრიგა დაბრუნდა. არადა, „საბურთალოს“ 11 ტური აღარ წაეგო. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ბოლოს 20 მაისს „დილასთან“ დამარცხებულიყვნენ (1:4).
ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართა, სადაც „მასპინძელმა“ „სამტრედიამ” „დილასთან“ 3:5 წააგო. დუბლი მიითვალეს გორელთა ლეგიონერებმა, უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა და ბრაზილიელმა ლეანდრო რიბეირომ. ეს სეზონის 28-ე და 29-ე დუბლები გახლდათ. სამტრედიელებმა პირველად ითამაშეს ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით. გორელებმა კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს და მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ. მათმა უშუალო კონკურენტმა „ჩიხურამ“ ხომ ქუთაისში დათმო შეხვედრა „ტორპედოსთან.“ საინტერესოა, რომ ეს საჩხერელთა ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ.
„რუსთვმა“ და „კოლხეთმა“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს. „ლოკომოტივმა“ კი „სიონს“ ოთარ კობახიძის გოლით აჯობა.
24-ე ტური: სამტრედია 3:5 დილა, ლოკომოტივი 1:0 სიონი, დინამო 2:1 საბურთალო, რუსთავი 0:0 კოლხეთი, ტორპედო 1:0 ჩიხურა
სატურნირო მდგომარეობა
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
| დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
| ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
| ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
| დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
| ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
| რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
| სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
| სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
| კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
25-ე ტური
21 სექტემბერი: კოლხეთი – ლოკომოტივი
23 სექტემბერი: სიონი – დინამო, საბურთალო -ტორპედო, დილა – რუსთავი
24 სექტემბერი: ჩიხურა – სამტრედია
მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 14, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 13, ბუდუ ზივზივაძე (დინამო). ლეანდრო რიბეირო (დილა) – 12, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, მამია გავაშელიშვლი (ლოკომოტივი)- 9
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
