ტურეს კივილი და ბოატენგის კანის ფერი

Home კატეგორიის გარეშე ტურეს კივილი და ბოატენგის კანის ფერი
ტურეს კივილი და ბოატენგის კანის ფერი

ჯერომ ბოატენგმა თავისი ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იაია ტურეს ბრალდებისგან დაიცვა. როგორც იცით, „მანჩესტერ სიტიდან” წასვლის შემდეგ ტურემ კატალონიელ მწვრთნელს რასისტობა დააბრალა. გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კი ESPN-თან ინტერვიუში თქვა: „ტურეს შეხედულებებს ვერანაირად ვერ გავიზიარებ”.

35 წლის ტურეს „სიტისთან” რვაწლიანი თანამშრომლობა ამ ზაფხულს დაუმთავრდა. ის უკმაყოფილოა, რომ საჩემპიონო სეზონში გვარდიოლამ მას მხოლოდ 17-ჯერ მისცა პრემიერლიგის მატჩებში მოედანზე გასვლის საშუალება. კოტ დ’ივუარელმა თქვა, რომ მწვრთნელის ასეთ დამოკიდებულებას ვერაფრით ხსნის გარდა იმისა, რომ მისი კანი სხვა ფერისაა. ტურემ ისიც დასძინა, რომ ის პირველი არ არის ვინც გვარდიოლას რასისტობა შეამჩნია.

ბოატენგმა, რომელიც ასევე ფერადკანიანია განაგრძო: „გვარდიოლასთან პრობლემა არასდროს მქონია. პირიქით. მიმაჩნია, რომ ის ყოველმხრივ დიდი მწვრთნელია და ამიტომ მასზე ცუდი რომ მესმის ვერ ვიჯერებ. „ბაიერნში” რასიზმის საკითხი არასდროს წამოჭრილა”.

2013-დან 2016 წლამდე პეპ გვარდიოლა „ბაიერნში” ჯერომ ბოატენგის მწვრთნელი გახლდათ და მცველს რეგულარულად ათამაშებდა ძირითად შემადგენლობაში. 2011 წელს ბავარიაში გადაბარგებამდე კი ბოატენგი და ტურე „მანჩესტერ სიტიში” თანაგუნდელები იყვნენ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...