რონალდინიო თითქმის „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყო

Home აქეთურ-იქითური რონალდინიო თითქმის „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყო
რონალდინიო თითქმის „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყო

ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა რონალდინიომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. ეს ამბავი 2003 წელს მოხდა, როდესაც მანჩესტერელებმა ის კინაღამ დევიდ ბექემში გაცვალეს.

მაშინ, რონალდინიო „პარი სენ ჟერმენში” თამაშობდა, ხოლო დევიდ ბექემის ყიდვაზე „ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი სანდრო როსელი ოცნებობდა.

შემდეგ სიტუაცია შეიცვალა — ბექემი „რეალში” გადავიდა, როსელი კი ბრაზილიელის ყიდვაზე გადაერთო, ოღონდ ამ დროს საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედიც” აქტიურად იყო ჩარეული.

რონალდინიო: „გარიგება ფაქტობრივად შედგა. 48 საათიც და მე „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ სანამ მანჩესტერელები წინადადებით მომმართავდნენ სანდრო როსელმა მკითხა, თუკი „ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდები და შენს ყიდვას შევეცდები, თუ წამოხვალო. მე დავთანხმდი.

ამრიგად, „იუნაიტედთან” წვრილმანებიღა იყო შესათანხმებელი, როდესაც როსელმა დამირეკა და შემატყობინა, რომ   არჩევნებს იგებდა. მე, როგორც გითხარით პირობა მქონდა მიცემული. შესაბამისად, „ბარსასთან” ყველაფერი სწრაფად გაიჩარხა.

ინგლისელებს ვუთხარი, რომ „ბარსაში” გადავდიოდი. ასეთი გახლდათ ჩემი არჩევანი. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ბრაზილიელებს „ბარსა” ყოველთვის უყვარდათ. ჩვენ ამ კლუბში დიდი ისტორია გვაქვს. იქ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. „ბარსა” ძალიან მენატრება”.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.