ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს

ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს

ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ ამონარიდებს:

– პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, „არსენალს“ კი საუკეთესო დაცვა. ფინალში ამ ორი ფილოსოფიის დაპირისპირება იქნება?

– ჩვენი ფილოსოფია მსგავსია, მაგრამ სხვადასხვა გზაზე ვდგავართ. „არსენალსაც“ ბევრი გოლი გააქვს და ჩვენც კარგად ვიცავთ თავს.

– „არსენალის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გაგიკვირდათ?

– არ გამკვირვებია. ისინი პრემიერლიგის მოგებას შარშანაც იმსახურებდნენ, წლეულს კი მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტის“ კარგი სეზონი ჰქონდა, ჩემპიონები გახდნენ. თუ არ ვცდები ეს მიკელ არტეტას მეშვიდე სეზონია ლონდონში და თქვენ ხედავთ, რა გუნდიც ჩამოაყალიბა.

– პარიზელი გულშემატკივარი მღერის: „ერთი ისტორიაა, ორი – ლეგენდა“. რას იტყვით ამ ფრაზაზე?

– ჩვენი ფანების აღტაცება ყოველთვის პოზიტიური ნიშანია, მაგრამ ფინალის წინ ყურადღება მთლიანად უმნიშვნელოვანესი საკითხებისკენ გვაქვს მოკრებილი. ჩვენ ისტორიის შექმნა კი არა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად დარჩენა გვინდა.

– პსჟ-მ ნახევარფინალში „ბაიერნთან“ ორი ჩინებული, მაგრამ სხვადასხვანაირი მატჩი ჩაატარა. ფინალში როგორს ისურვებდით?

– პირველი თამაშის ნაირს, რადგან 5:4 მოვიგეთ. მეორე მხრივ, გულწრფელად გეტყვით, რომ ამ სეზონში ჩემი გუნდის ყველა თამაში მომეწონა: „მონაკოსთან“, „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“, „ბაიერნთან“… ამ რვა შეხვედრაში კარგად ვაჩვენეთ რა გუნდიც ვართ. ჩვენ მეტოქეებთან უპირატესობას ვფლობდით, თუმცა პერიოდულად გვიჭირდა კიდეც. მიუხედავად რთული ეპიზოდებისა, მუდმივად ვამტკიცებდით, რომ მაღალი დონის გუნდი ვიყავით. შედეგად, ზედიზედ მეორედ გავედით ფინალში. ამის გაკეთება ნებისმიერი გუნდისთვის ძნელია, ჩვენთვის კი ისტორიული მოვლენაა.

– რამდენად ჰგავს წლევანდელი მზადების პროცესი შარშანდელს?

–   შევეცადეთ ფეხბურთელები ცოტა დაგვესვენებინა. რაც შეეხება მზადებას, მეტოქის შესასწავლად დრო გვქონდა. „არსენალს“ ვიცნობთ, რადგან  რამდენჯერმე შევხვედრივართ. რასაკვირველია, ამასთან ერთად ყოველთვის არის დეტალები, რომელთა გამოსწორებაც შეიძლება. ლაპარაკია როგორც დაცვით, ასევე შეტევის ფაზაზე. ასეთ შეხვედრებში დეტალების გამოსწორებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს.

– შარშან თქვენ თქვით, რომ საკუთარმა წარმატებამ გაგაოცათ. წლეულსაც გაოცებულები ხართ თუ თავდაჯერება მოგემატათ?

– პსჟ-ს გარშემო ყოველთვის ხმაურია. ჩვენი გუნდის ფეხბურთელს ამ ხმაურის მშვიდად მიღება უნდა შეეძლოს. მომდევნო სეზონში ზედიზედ სამი მატჩი რომ წავაგოთ, ქაოსი დაიწყება და ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ბოლო სამ სეზონში სტაბილურობა ვაჩვენეთ. ეს ფაქტია.

– „არსენალთან“ ფინალის უფრო გეშინიათ თუ შარშან „ინტერთან“ თამაშის უფრო გეშინოდათ?

– ფინალი ყოველთვის რთული სათამაშოა. შარშანდელი ფინალი განსაკუთრებული გამოვიდა იმიტომ, რომ ანგარიშმა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სამართლიანად არ ასახა. ამჯერად ვფიქრობ არსებობს ფავორიტი, მაგრამ ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ჩართულები უნდა იყვნენ და უნდა იცოდნენ, როგორ გაამართლონ იმედები ასეთ დიდ შეხვედრაში.

– „შაბათს ჩენ ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვებთ“ – მიკელ არტეტას ეს სიტყვები თქვენი გუნდისთვის დამატებითი გამღიზიანებელია?

– არ არსებობს იმაზე უკეთესი გამღიზიანებელი ვიდრე თავად ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშია. ვინ ვის სჯობს, ხვალ ვნახავთ. ისე, მე ყურადღებით ვარ და ვცდილობ ყველაფერს ჩავეჭიდო, რაც ჩვენ საუკეთესო დონეზე თამაშში დაგვეხმარება.

– 2023 წელს, როდესაც პსჟ-ში მოხვედით წარმოიდგენდით, რომ ამას მიაღწევდით?

– რასაკვირველია, ჩემი მიზანი ეს იყო. ამის შესახებ სპორტულ დირექტორთან ვილაპარაკეთ კიდეც. გასულ სეზონში, ჩემი აზრით, საუკეთესო გუნდი სწორედ ჩვენ ვიყავით.

– ნუნუ მენდეში და ჰაკიმი ფინალისთვის მზად არიან?

– ყველაფერი კარგად არის. ისინი ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

– თქვენ იმთავითვე კატეგორიულად აცხადებდით, რომ საუკეთესო გუნდი გყავთ. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ დასკვნას?

– უპირველეს ყოვლისა მოქმედი ჩემპიონები ვართ და მეორეც, ასეთი კალენდარი სხვას არ ჰქონია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.