
გაბონის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ ნიგერიის ეროვნულ გუნდს რთული პერიოდი უდგას. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრისთვის მოსამზადებლად „სუპერარწივები’’ რაბატში დაბანაკდნენ. მაროკოს დედაქალაქში ისინი შეეცდებიან გონს მოეგონ, კრიზისი დაძლიონ და ძველებურად ათამაშდნენ.
წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ფინიდი ჯორჯის გუნდი შესარჩევის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და ახლა სერიოზული ამოცანის წინაშეა: ფლეი-ოფის ფინალში უნდა მოხვდეს, რათა იქიდან ეგრეთწოდებულ საკონტინენტთაშორისო შესარჩევში თამაშის უფლება მოიპოვოს და ასეთი რთული, შემოვლითი გზით გააღწიოს მუნდიალზე. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშიათ.
მაგრამ, რაბატში ნიგერიელები სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ფეხბურთელებმა და პერსონალმა ორშაბათს ვარჯიშზე უარი განაცხადეს. გაფიცვა მათთვის ბონუსების არ-გადახდით თუ დაგვიანებით იყო განპირობებული. ამბობენ, რომ ლაპარაკია პრემიებზე, რომლებიც თვეების წინ უნდა მიეღოთ.
დაძაბული მდგომარეობა დაემატა ვიდეოს, რომელიც „ფულემის’’ შემტევმა-მარცხენაფლანგელმა ალექს აივობიმ კვირას დაპოსტა. ვიდეოში ჩანს, თუ რა ცუდ სასტუმროში აცხოვრებს ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელებს რაბატში. ამ ვიდეომ ნიგერიელებისა რა მოგახსენოთ და მაროკოელი გულშემატკივარი კი გააბრაზა. მათ ფეხბურთელის ირონიული ტონი არ მოეწონათ, ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღეს. ორშაბათს აივობიმ ახალი პოსტი დადო, სადაც თქვა, ჩემი სიტყვები სწორად ვერ გაიგეს; კარგად ვარ, „მარიო კარტს’’ ვთამაშობ ჩემთვის და მატჩებისთვის მომზადება მაცადეთო.
არადა, ნიგერიის ნაკრები ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ვერა და ვერ მიუღწევია სტაბილურობისთვის.
როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელები ხუთშაბათს რაბატის მულა ჰასანის სტადიონზე გაბონს ხვდებიან და შეეცდებიან ძველი სახელი დაიბრუნონ.
მეორე ნახევარფინალში კამერუნი კონგოს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
