არსენალს ვინისიუსი მონდომებია

არსენალს ვინისიუსი მონდომებია

„სანის“ ინფორმაციით „არსენალი“ სატრანსფერო რეკორდის დამყარებას და „რეალისგან“ ვინისიუს ჟუნიორის ყიდვას აპირებს. ჩრდილო ლონდონელები ბრაზილიელს კლუბის ისტორიაში უდიდეს ხელფასს შესთავაზებენ.

„არსენალი“ პრემიერლიგის ჩემპიონია, პირველობის შენარჩუნება კი რთული საქმეა და მას შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება. თავის მხრივ ვინისიუსს „რეალთან“ 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი და ახალ მოლაპარაკებებშია ჩართული. მადრიდელები მას კვირაში 400 000 ევროს სთავაზობენ, რასაც ის ჯერჯერობით არ თანხმდება.

თუ „მეთოფეები“ ვინისიუსს უზარმაზარი ხელფასით მოთაფლავენ, კლუბს სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევს. შესაძლოა გუნდში ხელფასების საკითხი აირიოს, არადა 2019 წელს, როდესაც მწვრთნელად მიკელ არტეტა მივიდა, პირველი რაც გააკეთა გამორჩეული გასამრჯელოს მქონე ფეხბურთელების გაშვება იყო. მან დაითხოვა მესუთ იოზილი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომლებიც კვირაში 350 000 ევროზე მეტს იღებდნენ.

ბრედლი ბარკოლას ყიდვა „არსენლსაც” სურს

მეორე მხრივ იყო გამონაკლისიც ― ბუკაიო საკამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ის კვირაში 365 000 გირვანქას იღებს.

„სანი“ წერს, რომ 350 000-ზე მაღალი ხელფასები „არსენალში“ შეიძლება კვლავ ნორმად იქცეს. მიზეზი: არტეტას ტოპ ვარსკვლავების შენარჩუნება სჭირდება. მას უნდა გუნდში დაიტოვოს მოთამაშეები, რომელთაც ჩრდილო ლონდონელებს ბოლო 22 წელიწადში პირველი ჩემპიონობა მოუტანეს.

ესპანელ მწვრთნელს თავდასხმის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ ფიქრობდა არტეტა „პარი სენ ჟერმენიდან“ ბრედლი ბარკოლას გადაბირებას. ბარკოლას „ლივერპულთანაც“ აკავშირებენ, მაგრამ პარიზელებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ რომელიმე ინგლისურ გუნდს არ მიუმართავს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.