ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?

Home კატეგორიის გარეშე ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?
ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?

20250908 - Entrenamiento_042შაბათს, 13 სექტემბერს „ატლეტიკოს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს მიმდინარე სეზონში პირველად მიეცემა სამი თავდამსხმელით თამაშის საშუალება. წინა სამ ტურში ის ხან რა გამოსავალს პოულობდა და ხან რას. „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ კი მარსელინოს შეუძლია ერთდროულად ათამაშოს ჟორჟ მიქაუტაძე, 32 წლის ესპანელი აიოსე პერესი და 25 წლის ნიგერიული წარმოშობის კანადელი ტანი ოლუვასეი. 33 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის ხერარდ მორენოს თამაში ტრავმის გამო საეჭვოა.

პირველ ტურში „ოვიედოსთან’’ (2:0) მწვრთნელმა მორენო და შემდგომ იჯარით „ლევანტეში’’ გაშვებული ეტა ეიონგი ათამაშა; მეორე დღეს „ჟირონასთან’’ (5:0) მორენომ ტრავმატოლოგიურ კაბინეტში გადაინაცვლა და ნომინალური ფორდავდებიდან მოედანზე მარტო ეიონგი ვიხილეთ —  მარსელინომ მას პოზოციაშეცვლილი მარჯვენა გარემარბი 30 წლის კოტ დ’ივუარელ ნიკოლას პეპე შეუამხანაგა; მესამე ტურში, ვიგოში, „სელტასთან’’ (1:1) იგივე სურათი ვიხილეთ. ანუ, მწვრთნელმა ისარგებლა იმით, რომ პეპეს სხვადასხვა პოზიციაზე ეხერხება თამაში და ორთავდამსხმელიან ტაქტიკას მიმართა. მიქაუტაძე და ოლუვასეი ახალწვეულები არიან და ამ შეხვედრებში ვერ ითამასებდნენ, პერესი კი ტრავმას მკურნალობდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ახალ გუნდში პირველივე შეხვედრა ძლიერ მეტოქესთან, „ატლეტიკოსთან’’ უწევს, სამი დღის მერე კი მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაში ჩაერთვება — ლონდონში „ტოტენჰემს’’ უნდა ეთამაშოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.