პარიზელების მორიგი 1:0

Home სიახლეები პარიზელების მორიგი 1:0
პარიზელების მორიგი 1:0

Ibrahim Mbaye of Paris Saint-Germain F.C. Tries to pass the defense of Angers during a regular season of the Ligue 1 Mcdonalds match between SCO...„პარი სენ ჟერმენი’’ პატარა ანგარიშებზე გადავიდა. ლიგა 1-ის ახალი ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „ნანტთან’’ 1:0 გამარჯვებიდან ხუთ დღეში ჩემპიონმა ისევ 1:0 მოიგო, ამჯერად „ანჟესთან’’. „პარიზიენი’’ წერს, რომ მან ეს უფრო ცოცხალი თამაშითა და შედარებით უკეთესი ფეხბურთით გააკეთა, მაგრამ ანგარიში იგივე გამოვიდა.

გაზეთის აზრით ის, რომ „ანჟესთან’’ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა უკეთ ითამაშა სხვა მიზეზებთან ერთად იმითაც იყო განპირობებული, რომ მოედანზე ვიხილეთ 9 ფეხბურთელი, რომელთაც „ინტერთან’’ (5:0) ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს. აკლდნენ მხოლოდ გუნდიდან გაშვებული ჯანლუიჯი დონარუმა და ბოლოწამს კუნთდაჭიმული ხვიჩა კვარაცხელია.

კიდევ, „პარიზიენი’’ ყურადღებას ამახვილებს ასეთ გარემოებზე: ბოლო სამ შეხვედრაში პსჟ-მ გოლი მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა. გამოცემის აზრით ეს მკაფიოდ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ ფორმაშია დღეს გუნდი და როგორ ემზადებიან მის წინააღმდეგ სათამაშოდ მეტოქეები. არადა გოლების გატანა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ლუის ენრიკემ უნდა დახვეწოს, თორემ ასე არ ივარგებს. შორიდან დარტყმებით საქმე არ გაკეთდება, ფეხბურთელებმა საჯარიმოში შესვლა უნდა დაიწყონ.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე კმაყოფილი ჩანდა: „დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. შეხვედრა რთული გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე კედლად დადგა და თავს ძალიან უკნიდან იცავდა. ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა მოედნის ხარისხი იყო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა ამაზე ბევრი რომ არ იფიქრეს. მათ ფიზიკური მომზადებისა და ტექნიკის წყალობით გაიმარჯვეს…

…ეს სეზონი ძალიან განსხვავებულად დაიწყო, მაგრამ მიხარია გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებული რომ თამაშობს…

…ჩვენი პენალტისტი ვინ არის? (პირველ ტაიმში ოსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა) მე ვარ! მე ვარტყამ კარგად… თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და რაკი ბოსი მართლა მე ვარ, შესაბამისად მე ვწყვეტ ვინ უნდა დაარტყას პენალტი. დარტყმა კი ბევრს შეუძლია…

…ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ ის ხუთი ტიტული, რომელიც მოვიგეთ. ეს უკვე წარსულია, ჩვენ კი მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ამბიცია ახალი ჯილდოების მოგებაა.’’