საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელ ეტაპზე რიგაში, ლატვიასტან ამხანაგური მატჩი გამართა და 87:77 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო შეხვედრა იმ ოფიციალური მატჩების წინ, რომელიც 2 ივლისს უკრაინასთან (რიგაში), ხოლო 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში) გველის.
ალეკსანდრ ჯიკიჩს შესაძლებლობა მიეცა საქმეში ყველა ის ახალბედა კალათბურთელი ენახა, რომელიც გამოძახებული ჰყავს. ისევ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას, ვისაც მომქანცველი და მძიმე სეზონის შემდეგ მცირე დასვენება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და სწრაფადვე დაწინაურდა. ჯიკიჩის გუნდი პირველ მეოთხედში მეტოქეზე უკეთესი იყო და 29:17 მოიგო. მეორე პერიოდის ბოლო ნაწილამდე ჩვენები დაცვაშიც საიმედოდ თამაშობდნენ და პერიმეტრიდანაც შესანიშნავად ისროდნენ. ერთ მომენტში 20 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს ცოტა მოეშვნენ და დიდ შესვენებაზე მხოლოდ შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 47:40.
მესამე მეოთხედში საქართველომ უპირატესობას ქულა წაამატა. აი, ბოლო მეოთხედი კი, საინტერესო და დრამატული გამოდგა. ჯერ ჩვენები დაწინაურდნენ 12 ქულით, მაგრამ ლატვიამ თამაში მალევე სათავისოდ შეატრიალა და ექვსი წუთით ადრე იქით იგებდა ოთხ ქულას. აქ ჩვენებმა მოაწყვეს 8:0 გაქცევა და ოთხი ქულით დაწინაურდნენ, რის შემდეგ მატჩი მოგებამდე მშვიდად მიიყვანეს…

გუნდის უდავო ლიდერი მარკიზ რიდი იყო, ვინაც მოედანზე 30 წუთი გაატარა, 23 ქულა, 6 მოხსნა მიითვალა და 8 პასი მიითვალა. კარგი იყო გოგა ბითაძეც, რომელმაც 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ამ შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა დუდა სანაძემ 12 ქულა და 4 პასი ჩაიწერა. ბექა ბურჯანაძემ და რატი ანდრონიკაშვილმა 11-11 ქულა. გიორგი ოჩხიკიძე გუნდს 7 ქულით შეეწია, ალექსანდრე მერკვილაძე – 6 ქულით. მოედანზე ასევე ვიხილეთ გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე ფევაძე, კახაბერ ჯინჭარაძე და გიორგი კობახიძე.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
