ნიდერლანდებისა და მაროკოს შეხვედრა პენალტებით მაროკომ მოიგო. აშრაფ ჰაკიმი და მისი თანაგუნდელები მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდებიან. რამდენად სანახაობრივი იყო შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც 1:1 დამთავრდა? გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მსოფლიოს სპორტულ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ გულშემატკივარი უკეთეს სანახაობას ელოდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ ჰოლანდიელებისგან. მათმა მეკარემ ბარტ ვერბრუგენმა, რომელიც „ბრაიტონის“ კარს იცავს, რამდენიმე ეპიზოდში თავი გამოიჩინა, მაგრამ როდესაც ჰოლანდიაზე ვლაპარაკობთ სხვებზე წინ მეკარე არ უნდა გვახსენდებოდეს. დამატებითი დრო და პენალტები ძირითად 90 წუთზე უფრო დრამატული იყო. გადამწყვეტი, ბოლო პენალტი ჰოლანდიელთა კარში ჰოლანდიურივე „ეინდჰოვენის“ თავდამსხმელმა ისმაელ საიბარიმ გაიტანა. მან პირველ ტაიმში თავი დიდად ვერ გამოიჩნა, მაგრამ შესვენების შემდეგ შეხვედრას კვალი დაატყო. აღსანიშნავია, რომ მაროკოს ნაკრების 4 ფეხბურთელი – აშრაფ ჰაკიმი, ბრაჰიმ დიასი, ისმაელ საიბარი და ჩადი რიადი – ესპანეთში არიან დაბადებულები და ესპანური ფეხბურთის აღზრდილები გახლავან. ანგარიში 72-ე წუთზე გახსნა კოდი გაკპომ, ხოლო მსაჯის წამატებულ 90+1 წუთზე ფრანგული „ტულუზის“ სკოლის აღზრდილმა ისა დიოპმა გაათანაბრა.

მაროკოსა და ნიდერლანდების შეხვედრამდე ორიოდ საათით ადრე პენალტებით გაირკვა კიდევ ერთი მერვედფინალისტის ვინაობა: პარაგვაიმ მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანია ჩამოაშორა. შეხვედრის ძირითადი დრო აქაც 1:1 დამთავრდა. ანგარიში „სტრასბურგის“ ნახევარმცველმა ხულიო ენკისომ 42-ე წუთზე გახსნა, „არსენალის“ ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა კი 54-ე წუთზე გაათანაბრა. პარაგვაიმ სიმტკიცე გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები დიდხანს უპირატესობას ფლობდნენ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ახლა ეს სამხრეთ ამერიკული ნაკრები საფრანგეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს ელის. გერმანიისთვის პარაგვაისთან მარცხი რასაკვირველია შოკისმომგვრელი იყო.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ გერმანელთა თავკაცს იულიან ნაგელსმანს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. მან უპასუხა:
– მე ის კაცი არ ვარ, რომელიც გარბის. დღეს გერმანიაში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ ხალხი ჩემზე დადებითად არ ილაპარაკებს, მაგრამ სტადიონზე მხარდაჭერას ვგრძნობდი. ვფიქრობ, გერმანელი გულშემატკივარი ჩემს დატოვებას ინდომებს . მინდა მადლობა ვუთხრა ხალხს, რომელიც დღეს ტრიბუნიდან გვამხნევებდა. მართალი რომ გითხრათ სულ სხვა რეაქციას ველოდი, მაგრამ გულშემატკივარი წაგების მერეც მხარში გვედგა. ეს გასაკვირი და შთამბეჭდავი იყო. იმის გამო, რომ ტურნირიდან გამოვვარდით მე თანამდებობას არ დავტოვებ. თუ გერმანიის ფეხბურთის კავშირი ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელებას გადაწყვეტს, დავრჩები. ვიცი, როგორ მუშაობს საფეხბურთო ინდუსტრია და ეჭვი არ მეპარება, რომ ცხელ გულზე ბევრი ჩემს გაშვებას მოითხოვს, მაგრამ ვიმეორებ, თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი დამტოვებს – დავრჩები“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
