პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია

Home აქეთურ-იქითური პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია
პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია

Ousmane Dembele celebrates his goal with Paul Pogba of France during the International Friendly match between France and Italy at Allianz Riviera...კვირას პოლ პოგბამ ინტერნეტში, კერძოდ პლატფორმა ტვიჩში ამერიკელ სტრიმერ IshowSpeed-ს ინტერვიუ მისცა და როდესაც წამყვანმა „ოქროს ბურთზე’’ ჰკითხა, უყოყმანოდ მიუგო: წლეულს ჯილდო დემბელემ უნდა მოიგოს.

„ჩემთვის დემბელე აშკარად იამალზე წინ არის. მე მხარს ვუჭერ დემბუზს’’, ― თქვა 32 წლის ფრანგმა, რომელიც მომდევნო სეზონიდან „მონაკოში’’ ითამაშებს.

პოგბამ განაგრძო: „მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გოლები გაიტანა… გასულ სეზონში ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მას „ოქროს ბურთს’’ წლეულს თუ არ მისცემენ, ვეღარასდროს მოიგებს’’.

პოგბას „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელთან ერთად საფრანგეთის ნაკრებში ბევრჯერ უთამაშია ანუ კარგად იცნობს მას. დემბელემ გასულ სეზონში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გადააწოდა. ერთადერთი ტიტული, რომელიც მან ვერ მოიპოვა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონისა იყო.

ხსენებულ გადაცემაში პოგბამ ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის თავისი ვერსია დაასახელა: დემბელე, ლამინ იამალი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია და კილიან მბაპე. ნახევარმცველმა განსაკუთრებული ყურადღება მბაპეზე გაამახვილა: „ყველგან მის მოკვლას ცდილობენ, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც პიჩიჩი და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა’’.

პიჩიჩი ესპანური ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ნიშნავს. ესპანეთში ბომბარდირისთვის ჯილდო 1952-53 წლების სეზონში „მარკამ’’ დააწესა და მას „ბილბაოს’’ ოდინდელი თავდამსხმელის რაფაელ „პიჩიჩი’’ მორენოს (გარდაიცვალა 1922 წელს) მეტსახელი დაარქვა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.