დღეს, როდესაც გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლის საკითხი სადაც არის მოგვარდება, ესპანური პორტალი Relevo მკითხველს შესაძლო ტრანსფერის სპეციფიკას აცნობს. სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, სანამ ჩვენი წინამდებარე პოსტი თქვენამდე მოაღწევს მამარდაშვილი შეიძლება უკვე პრემიერლიგის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ვფიქრობთ რიგი ნიუანსების გამო Relevo-ს ინფორმაციის წაკითხვა მაინც ღირს.

საქმის არსი ყველამ იცის: ქართველი მეკარის შეძენა „ლივერპულს” სურს, თუმცა მერსისაიდელები მის პირდაპირ კარში ჩაყენებას არ აპირებენ და ფიქრობენ ერთი სეზონის განმავლობაში ის პრემიერლიგის რომელიმე სხვა გუნდში ათამაშონ, სადაც ინგლისურ საფეხბურთო გარემოს შეეჩვევა. ასეთ კლუბად „წითლებს” „ბორნმუთი” შეუგულებიათ, მაგრამ Relevo წერს, რომ პრემიერლიგური წეს-კანონის მიხედვით ინგლისურ კლუბს არ აქვს უფლება იყიდოს ფეხბურთელი და იმავე წელიწადს იჯარით სხვა ინგლისურ კლუბს მიაბაროს. ანუ, თუკი „ლივერპული” „ვალენსიასგან” მამარდაშვილს იყიდის, მას „ბორნმუთში” დაუყოვნებლივ ვერ გაუშვებს.

როგორც ესპანური მედია-საშუალება წერს, „ლივერპული” და „ვალენსია” ახლა იმაზე მუშაობენ, თუ როგორ გადაწიონ ტრანსფერი ერთი წლით, ოღონდ ისე, რომ მანამდე მამარდაშვილმა პრემიერლიგაში გამოცდილების მიღებაც მოასწროს. სავარაუდოდ, ამისათვის „ღამურებმა” მეკარე ერთი წლით პირდაპირ „ბორნმუთს” უნდა მიაქირაონ, გაისად ამ დროს კი მას „ლივერპული” იყიდის. ამ იჯარის ფულს ცხადია „ლივერპული” გადაიხდის და კიდევ „სკაუსერებს” გიორგისთვის უკვე თავიანთი ხელფასი, წელიწადში 4 მილიონი ევრო ექნებათ გადასახდელი. ერთი სიტყვით, გამოჩნდა დამატებითი ხარჯი, თუმცა Relevo-ს მტკიცებით ის დიდი არ არის.

როგორც ხედავთ, ოპერაციას მასში სამი კლუბის მონაწილეობა ართულებს, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. იმედია, გადაწყვეტილებას მალე შევიტყობთ.