„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო (სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული) და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის 29-ე წუთზე დადგა, როდესაც რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მასპინძელთა მცველი რონალდ არაუხო გააგდო. უმცირესობაში დარჩენილმა ბარსელონელთა თავკაცმა ჩავიმ მიზანშეწონილად ლამინე იამაილის ინიგო მარტინესით შეცვლა ჩათვალა და თამაშმა ამის მერე იცვალა ნირი.
„ბარსელონას” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი თანაგუნდელთა შორის პირველი იყო, ვინც არაუხოს გაძევების შესახებ გამოთქვა აზრი.
„ჩვენ გოლი გავიტანეთ, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს დონის გუნდთან მოედანზე ათი კაცით დარჩენა, სერიოზული პრობლემის წინაპირობაა. რაც შეეხება გაძევების მომენტს, ჩანაწერი არ მინახავს და დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, თუმცა ცოცხალი შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა, რომ ბარკოლა კარგა ხანს ფლობდა ბურთს და ჩვენი მეკარისკენ პირისპირ მიიწევდა. და მაინც, ვიმეორებ, რომ ჩანაწერი არ მინახავს”, — თქვა დე იონგმა.
ეპიზოდის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა „ბარსას” გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც: „იმ ეპიზოდში რაკი მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, არაუხო უნდა გაეძევებინა კიდეც. ყველაფერი მაშინ შეიცვალა. ჩანაწერი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ მსაჯი მართალი იყო”.
შემდეგ კი „ბარსელონას” მეკარემ დასძინა: „დამრჩა შეგრძნება, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხდით. „პარი სენ ჟერმენის” მესამე გოლის შემდეგ მეტი რისკის გაწევა მოგვიხდა, მეტოქე კი ძალიან მაღალი კლასისა გვყავდა და ჩვენს კართან ბევრ ხიფათს ქმნიდა. საბოლოოდ ოთხი გოლი გაგვიტანეს, რაც ძნელი მისაღებია”.
„ბარსელონას” კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გერმანელმა ილქაი გუინდოგანმა არაუხოს მიმართ წყენა ვერ დამალა. მან თქვა: „ასეთ ეპიზოდებში მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა ითამაშო. ან ყველას უნდა აჩვენო, რომ წესს არ არღვევ ან გუნდის გადარჩენის საშუალება მეკარეს უნდა დაუთმო. ასე კი გამოვიდა, რომ მატჩის უმეტესი დრო უმცირესობაში ვითამასეთ, რამაც მოგვკლა”