გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა.

ტოპ 14

ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“ სტუმრად 30:26 მოუგო და პარიზელთა ამ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა სერგო აბრამიშვილმაც შეიტანა – სასტარტოში მყოფმა ბურჯმა 33-ე წუთზე ბურთი რაქიდან აიტაცა და ლელოში შეფრინდა. ეს იყო სერგოს მეორე ლელო ჩემპიონატში ჩატარებულ მე-11 მატჩში. აბრამიშვილი 45-ეზე შეცვალეს, ხოლო „სტად ფრანსემ“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მეორე საფეხურზე ავიდა.

შემდეგ იყო „შავი ლომის“ ყოფილი მეტოქეების დაპირისპირება. „კასტრმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და 20:23 დამარცხდა. ლევან ჩილაჩავამ 59-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უმაღლესი ოსტატობა და დაახლოებით იგივე გააკეთა, რაც აბრამიშვილმა, ანგარიში 15:17 გახდა და ლევანი ვალმოხდილი გავიდა მინდვრიდან. ეს იყო „ბუთას“  სეზონში პირველი, ხოლო ტოპ 14-ში ჯამური მე-11 ლელო 176-ე მატჩში.

ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „პერპინიანის“ წინააღმდეგ და მისმა „ლიონმა“ 36:24 იმარჯვა. დათუნამ ნაკრებში გამგზავრებამდე კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ერთი შედევრალური სალელოვე პასიც მიითვალა.

ნაკრებში ვანო კარკაძეც გამოიძახეს, რომელმაც ლაშა მაჭარაშვილთან ერთად „მონპელიეს“ შემადგენლობაში ბოლო 35 წუთი ითამაშა გურამ პაპიძის „პოს“ წინააღმდეგ.  მასპინძლებმა 22:17 მოიგეს, პაპიძემ კი ბასკთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა. „პომ“ ბონუსი მიიღო და საპლეიოფო ზონაში მე-6 ადგილზე დარჩა. „მონპელიე“ კი, გამარჯვების მიუხედავად, ჯერაც ბოლო ადგილზეა.

„ტულონმა“ ევროპის ჩემპიონ „ლა როშელს“ 25:23 აჯობა და სულაც მე-4 საფეხურზე დამკვიდრდა. ბექა გიგაშვილმა საწყისი 61 წუთი ითამაშა გამარჯვებულთა შორის, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ – ბოლო 23. სანდრო ქუნთელია სტუმართა სასტარტოში იყო და მოედანზე 50-ე წუთამდე დარჩა.

რაც შეეხება ლიდერს, „რასინგ-92“-მა შინ ჩემპიონ „ტულუზთან“ 20:27 დათმო, თუმცა 40 ქულით კვლავაც ლიდერობს. გია ხარაიშვილმა პარიზელთა რიგებში ბოლო 26 წუთი დაჰყო.

პრო დ2

ბექა შვანგირაძე 7-კვირიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თავის „ორიაკს“ დაუბრუნდა, პარალელურად რიჩარდ კოკერილისგან ნაკრებში გამოძახება მიიღო და ეს კარგი ამბები ლელოთი აღნიშნა. ახალგაზრდა მესამეხაზელი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და უკვე 4 წუთში „მონ-დე-მარსანის“ დაცვა მამუკა გორგოძის სტილში, ჯიქურ გადათელა და ბურთი ლელოში მხრებზე ჩამოკიდებულ ორ მოწინააღმდეგესთან ერთად დაამიწა. ეს იყო შვანგირაძის მე-4 ლელო სეზონის მე-10 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე 27 მატჩი და 7 ლელოა პრო დ2-ში. საბოლოოდ „ორიაკმა“ 27:24 მოიგო, რაშიც წვლილი 6-მა ქართველმა დაიდო.

„ვალანს რომანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იოანე იაშაღაშვილმა კი „გრენობლთან“ 30:21 მოგება სულაც პირად ბენეფისად აქცია. 24 წლის 8 ნომერმა მატჩი სრულად ხომ ჩაატარა და ამასთან, თითო ტაიმში თითო ლელო მიითვალა. აი, მისი მეორე ლელო კი ნამდვილი საოცრება იყო – იომ ბურთი ლელოდან 10 მეტრში, რაქიდან მიიღო, ფინტებით ბარე ოთხ გრენობლელს გაცდა და ყოველივე ბურთის ეფექტური დამიწებით დააგვირგვინა. დიდწილად ამ ვირტუოზული ლელოს გამო მოხდა, რომ იაშაღაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ეს იყო მისი მე-4 ლელო სეზონის მე-16 მატჩში.

და ბოლოს, ხსენებული დებიუტის შესახებ. საქართველოს U20-ის ყოფილმა ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა პროფესიონალთა შორის პირველი მატჩი ჩაატარა და პარალელურად ნაკრებში გამოძახებაც იზეიმა. ასეთივე პატივი მის თანაკლუბელ პარტნიორ ირაკლი აფციაურსაც ეღირსა, რომელსაც პირველი სანაკრებოკეპი  უკვე მიებული აქვს, თანაც თვით მსოფლიო თასზე.