მომავალი წლის 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.
ფიბა-მ მონაწილე გუნდები კალათებში გაანაწილა. „ჯვაროსნები“ მეოთხე კალათაში მოხვდნენ:
I კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი.
II კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.
III კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.
IV კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი.
V კალათა: კოტ დივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.
VI კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.
ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათის ნაკრებები. ჯგუფები სამგუნდიანი იქნება, ერთ ჯგუფში ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. შესაბამისად, საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია (რომელიც მეხუთე კალათაშია), რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია თავმოყრილი.
ოლიმპიური კვალიფიკაციის წილისყრა 27 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბა-ს კალათბურთის სახლში გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები.
წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).