გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ასეთი კარგი სასტარტო რვა ტური 2017-18 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია. ლა ლიგის ცხრილის ზედა ნახევარში „ღამურების” გარდა მხოლოდ ერთი გუნდია, რომელსაც ზედიზედ ორი შეხვედრა არ მოუგია, თუმცა მამარდას და მის თანაგუნდელებს ამის გამოსწორება ხვალ, აუტსაიდერ „ელჩესთან” შეხვედრაში შეუძლიათ.
წინა ტურში „ვალენსიამ” ნერვიულ შეხვედრაში 2:1 მოუგო „ოსასუნას” და ეს მათი ბოლო 5 შეხვედრიდან გახლდათ მეოთხე, რომელშიც მოედნიდან ფეხბურთელი გააძევეს. რაც შეეხება საშინაო თამაშებს, აქ ჯენარო გატუზოს გუნდი ყოჩაღობს — „მესტალიაზე” ბოლო ორ შეხვედრაში „ხეტაფეს” 5:1 მოუგო, ხოლო „სელტას” 3:0.
„ელჩე” 21-ე საუკუნეში ვალენსიას ოთხჯერ ესტუმრა და ოთხივეჯერ წააგო.
„ვალენსიას” წინა ტურში გაძევებული მუკტარ დიაკაბი არ ეყოლება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ დიაკაბის გარეშე „ღამურები” ლა ლიგის ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში მოგების გარეშე დარჩნენ.
ფოტოზე გთავაზობთ „მარკას” ვერსიით ვალენსიელთა სავარაუდო შემადგენლობას.