სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სრული დატვირთვით სავარჯიშოდ გუშინ უნდა შეერთებოდა, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო თბილისში დაბრუნება მოუწია და ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში 7 აგვისტოს დახვდება.
7 აგვისტოს ჩამოვა თბილისში მთლიანად ნაკრებიც, რომელმაც სლოვენიიდან უნგრეთში გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი ქალაქ კეჩკემეტში 5 და 6 აგვისტოს, იქაურ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
გუნდების გადაწყვეტილებით, მეორე შეხვედრა სავარჯიშო ხასიათის იქნება, ამიტომაც გულშემატკივრებისთვის დაიხურა. გუნდი უნგრეთში 16 კალათბურთელით წავიდა, მაგრამ მიხეილ ბერიშვილს ფეხის ტრავმა აქვს და უნგრელებთან ვერ ითამაშებს.
უნგრეთში ზუროსის განკარგულებაში 15 ჯანმრთელი კალათბურთელია:
გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.
ნაკრებს დაუბრუნდა თად მაკფადენი, რომელმაც სლოვენიური შეკრება კორონავირუსის გამო თითქმის სრულად გამოტოვა. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გოგა ბითაძეც აკლია, რომელიც ამერიკაშია და მის ბედს „ინდიანა პეისერსი“ გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 24 და 27 აგვისტოს, ნიდერლანდებსა და იტალიას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება, 1 სექტემბრიდან კი სტარტს ევროპირველობაც აიღებს, რომლის პირველი ეტაპის A ჯგუფის მატჩებს თბილისიც უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.