პირველად ქართული ფიგურულ ციგურაობის ისტორიაში: ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მართალია, ეს მიღწევა ახალგაზრდულ მონდიალზე დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია!
აქამდე საქართველოს საუკეთესო მიღწევად ასევე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასევე ტალინში, 2020 წელს გიორგი რევია და მარია კაზაკოვას მე-2 ადგილი ითვლებოდა.
ესტონეთის დედაქალაქში გამართულ პირველობაზე საფინა-ბერულავას წყვილი ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს სტატუსი ბოლომდე გამართლეს. ჩვენმა დუეტმა ჯერ მოკლე პროგრამა მოიგო, შემდეგ თავისუფალშიც დამაჯერებლად ისრიალა და მსაჯებისგან ჯამში 188.12 ქულა მიიღო და 18.21 ქულიანი სხვაობით მოუგო ავსტრალიელებს – ანასტასია გოლუბევასა და ექტორ მურს (169.91).
ბრინჯაოს მედალი კანადელებმა, ბრუკ მაკინტოშმა და ბენჟამინ მიმარმა 156.80 ქულით მოიპოვეს.