ვილი სანიოლი - კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან, სათამაშო დრო და განვითარების შანსი ექნება #1TVSPORT - 1TVგერმანულმა „შპორტ ბილდმა“ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან, „ბაიერნისა“ და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდასთან ვილი სანიოლთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. „სარბიელმა“ მისი მხოლოდ ის ნაწილი გადმოაქართულა, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდს ეხება.

„სანიოლი 45 წლისაა. მან ბავარიელების შემადგენლობაში 277 შეხვედრა ჩაატარა. 2017 წელს ის რეკორდმაისტერის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ახლა კი საქართველოს ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში“ — წერს გამოცემა.

— აგერ უკვე წელიწადია, რაც საქართველოს ნაკრებს წვრთნით. რომელი ქართველი ფეხბურთელი გაიზარდა ისე, რომ თქვენ ბუნდესლიგის კლუბებს და ვინძლო თვით „ბაიერნსაც“ კი ურჩევთ დაინტერესდეს მისით?

— ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაა. სტილის თვალსაზრისით ის ფრანკ რიბერის ჰგავს, ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს, ყოველთვის რისკავს, სწრაფია, ტექნიკურად ძალიან ძლიერია. კვარაცხელია ყაზანის „რუბინიდან“ მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ კლუბში რეგულარულად ითამაშოს. მას სჭირდება მწვრთნელი, რომელიც დაეხმარება, მის გამოძერწვას გააგრძელებს. ის უეჭველად არის ბუნდესლიგის დონის მოთამაშე. 21 წლის ასაკში შეიძლება „ბაიერნის“ შესაფერისად ჯერ ვერ თამაშობს, მაგრამ სავსებით მზად არის ისეთი კლუბებისთვის, როგორებიც არიან „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ და „გლადბახი“.

— სანამ „ბაიერნის“ მწვრთნელის ასისტენტი გახდებოდით, თქვენ საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციაში 21-წლამდელებთან მუშაობდით. ნაკრების სათავეში ყოფნა კლუბის ხელმძღვანელობაზე უფრო მიმზიდველია?

— მე ყველაფრისთვის მზად ვარ. როდესაც ალექსანდრე იაშვილმა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ბუნდესლიგის ყოფილი ვარსკვლავი) დამირეკა, რამდენიმე კლუბის შემოთავაზებას ვიხილავდი. ალექსი მხლოდ ხუთ წუთს მელაპარაკა და მითხრა: OK, მაშ, მოდი გავაკეთოთ საქმე.

როდესაც ერთმანეთს ორი ყოფილი პროფესიონალი ელაპარაკება, საქმე ყოველთვის ჩქარა მიდის.