გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო.
როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს.
მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ გატანილი სამი საჯარიმო დარტყმიდან ერთ-ერთი გელა აფრასიძემ გაიტანა. ეს ექსტრაორდინარულ ვითარებაში მოხდა. 37-ე წუთზე მასპინძელთა ზორბა ფიჯელმა შუამარბმა ვილიმონი ბოტიტუმ „მონპელიეს“ ნორჩი მგეზავი ლუი ფურსან-ბურდეტი ჰაერში მხეცურად შებოჭა და წითელი ბარათი მიიღო. წესები ზუსტად მოედნის ცენტრში დაირღვა და ვინაიდან ეს აფრასიძის საყვარელი დისტანციაა და მთავარი დამრტყმელი, ხსენებული მგეზავი მხოლოდ გონს მოდიოდა, დარტყმა გელამ ითავა და კაი 50 მეტრიდან ბურთი ძელებს შორის გააძვრინა.
გელამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მიშა ნარიაშვილი მხოლოდ 71-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 77-ზე კვლავ უხმეს მინდორზე, ანუ ქართველ ბურჯს ჯამში 74 წუთი გამოუვიდა, რაც მისი ამპლუისთვის ძალიან ბევრია. მასპინძელთა შორის ბოლო 21 წუთი ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.
„ბრივს“ „მონპელიეს“ მსგავსი რამ შეემთხვა – ლა როშელში საკმაოდ დიდი ანგარიშით – 15:41 დამარცხდა და მასპინძლებს ბონუსიც დაანება. აქ კი თავი ჩვენებურმა თედო აბჟანდაძემ გამოიჩინა. ბორჯალოსანმა მგეზავმა მე-3 წუთზე თამაშის პირველი ქულები აიღო – საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. საინტერესოა, რომ ბოლო შედეგიანი მოქმედებაც თედოს ეკუთვნის – გაწითლებულ დროში მან ვანო კარკაძის ნაცვლად შესული ფლორიან დიუფურის ლელო გარდასახა.
კარკაძემ საწყისი 52 წუთი ითამაშა, ვასილ ლობჟანიძემ – 60 წუთი, სოსო ბეკოშვილმა ბოლო 28 წუთი, ხოლო თედომ მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მასპინძლებს შორის 57-ე წუთზე შესულმა გურამ პაპიძემ ითამაშა.
ლიდერი „ბორდო“ შინ „პოსთან“ ძალიან მოულოდნელად დამარცხდა – 16:23. მასპინძელთა შორის ბოლო 13 წუთი ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ხოლო „პოს“ მწვრთნელმა ბექა გორგაძე 74-ე წუთზეღა დაასვენა.
მესამე ადგილზე მყოფმა „ლიონმა“ კი კლერმონში წააგო – 15:26. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლიონელთა რიგებში დავით ნინიაშვილმაც ითამაშა და ბექა საღინაძემაც. ნინიაშვილი სასტარტოში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა – ცხადია, გარემარბის პოზიციაზე. 37-ე წუთზე კი მან მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. ბექა საღინაძე კი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
მიუხედავად მარცხებისა, ლიდერთა სამეული ცხრილში იგივე თანმიმდევრობითაა განლაგებული, თუმც „კასტრი“ „ლიონს“ ქულებით დაეწია და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ექვსეულში „ლა როშელიც“ შევიდა, ხოლო მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ უკვე მეშვიდეა – ამჯერად ჩემპიონთა თასის მფლობელს „სტად დე ფრანსმა“ მოუგო (23:16), რომლის სასარტოში გიორგი მელიქიძე იყო, ვინც 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასილ კაკოვინი 52-ეზე ჩაერთო შეხვედრაში.
„ბიარიცმა“ კი უკვე მერამდენედ წააგო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პერპინიანს“ უკვე მთელი 10 ქულით ჩამორჩება. ამ ჯერზე ბასკები შინ „ტულონთან“ დამარცხდნენ და ბონუსიც გაატანეს – 17:45. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი ნუცუბიძე (58-ეზე შეცვალეს) და თორნიკე ჯალაღონია (52-ემდე) იყვნენ, ხოლო „ტულონს“ ტრავმამოშუშებული ბექა გიგაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა.