„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ნუნუ ესპირიტო სანტომ არ იცის ითამაშებს თუ არა ჰარი კეინი შემდეგ ტურში, „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ. კეინის გარშემო დიდი აურზაურია. ვეღარ გარკვეულა გადადის თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიში“ თუ „სფურზში“ რჩება.

„დეზების“ ლიდერი და ინგლისის ნაკრების კაპიტანი პირველი ტურის შეხვედრაში მოედანზე არ იყო. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ სწორედ „სიტის“ მოუგო 1:0. კეინის არყოფნის მიზეზად არასრული ფიზიკური მომზადება დასახელდა.

ფორვარდი არ მალავს, რომ კონტრაქტით დარჩენილი სამი წლის მიუხედავად ჩრდილოეთ ლონდონიდან წასვლა და „ეტიჰედზე“ გადაბარგება უნდა. ასეთ შემთხვევაში „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი 150 მილიონ გირვანქას ითხოვს და ნათქვამიდან ფეხს არ იცვლის.

კვირას, ლონდონელთა და მანჩესტერელთა დაპირისპირებაში, თილისმის არყოფნას „დეზებისთვის“ ზიანი არ მოუტანია. ჰეუნგ-მინ სონის გოლით მასპინძლებმა ინგლისის ჩემპიონს აჯობეს. კორეული ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა ჩინებულად ითამაშა და ესპირიტო სანტოს სადებიუტო შეხვედრაში ბრწყინვალე გამარჯვება აჩუქა.

პორტუგალიის კოლონია სან ტომეში დაბადებული 47 წლის მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურში, მისი ყოფილი გუნდის „ვულვზის“ წინააღმდეგ, „ტოტენჰემის“ თავდასხმის ხაზი იგივე დარჩება. მანამდე, ჩრდილო ლონდონელებს კონფერენციის ლიგაზე პორტუგალიურ „პასუშ დე ფერეირასთანაც“ ელის თამაში.

ნუნუ ესპირიტო სანტომ თქვა: „ჰარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია. ის აუცილებლად ჩადგება ფორმაში და დაგვეხმარება.

იქნება თუ არა „ვულვზთან“ შეხვედრაში? არ ვიცი. ჯერ პორტუგალიაში ვართ წასასვლელები და „ვულვზზე“ მერე ვიფიქრებთ“.

კითხვაზე, რატომ არ ითამაშა კეინმა „სიტისთან“, მწვრთნელმა უპასუხა: „ის ჯერ კიდევ ემზადება. სულ ეს არის მიზეზი. ჰარი განაგრძობს ვარჯიშს და მოედანზე მაშინ გავა, როდესაც გუნდის დასახმარებლად მზად იქნება“.

გასულ პარასკევს კი ესპირიტო სანტომ ასე თქვა: „გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე დაყრდნობით ხომ არ ვიღებთ. ეს ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული. ფეხბურთელები მხოლოდ პროფესიონალები ხომ არ არიან. ისინი ადამიანები არიან და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხვდებიან. ჰარი გუნდს დღეს შეუერთდა. მან ივარჯიშა. ჩვენ ვილაპარაკეთ. ეს იყო კერძო საუბარი და მას ვერ მოგიყვებით, მაგრამ ყველაფერი კარგადაა“.