„ატლეტიკომ” 83-ე წუთზე იგორ სუბელდიას მიერ ახლოდან დარტყმული ბურთი გაუშვა. მანამდე მადრიდელები იანიკ კარასკოსა და ანხელ კორეას (მე-16 და 28-ე წუთები) გოლებით 2:0-ს იგებდნენ ანუ სხვაობა სახიფათოდ შემცირდა. ვინც ბოლო ტურებში ესპანეთის ჩემპიონატს აკვირდება, იცის, რომ ტიტულისთვის მებრძოლი სამეული, „ატლეტიკო”, „რეალი” და „ბარსელონა”, ქულებს მონაცვლეობით კარგავს და მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანის ჩემპიონობას წინ თითქოს აღარაფერი უდგას, საქმეს სათუოდ ხდის. ამიტომაც, სუბელდიას გოლმა გააჩინა შეგრძნება, რომ „ატლეტიკოს” ქულების დაკარგვის ჯერი დაუდგა, მაგრამ ჩოლო სიმეონეს გასახარად, „რეალ სოსიედადმა” ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და „მატრასის მკერავები” ტიტულთან ერთ ნაბიჯში დგანან.
„ატლეტიკო” ლა ლიგის ჩემპონი ბოლოს 2014 წელს გახდა. მიმდინარე სეზონი გუნდმა საუცხოოდ დაიწყო, თუმცა, ახალი წლის შემდეგ ხელი მოეცარა, ჯახირზე გადავიდა და ორივე კონკურენტთან დამარცხდა — „რეალთანაც” და „ბარსელონასთანაც”.
სიმეონეს საბედნიეროდ, აკი ზემოთაც აღვნიშნეთ, სეზონის მიწურულს ქულებს „ბარსა” და „რეალიც” კარგავდნენ.
„ატლეტიკოსა” და „რეალ სოსიედადის” შეხვედრა კი ძირითადად მადრიდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ბასკები ჩრდილში იყვნენ. კარასკოსა და კორეას გოლები ხომ ვახსენეთ, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ლუის სუარესსა და მის თანაგუნდელებს კიდევ შეეძლოთ დამატება. საბოლოოდ, 2:1.
ახლა, „ატლეტიკოსთვის” ესპანეთის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულებამდე ორი ტური რჩება და ყველაფერი მის ხელშია, თუმცა… თუ დღეს, უფრო სწორედ საქართველოს დროით უკვე ხვალ, 24 საათზე, „რეალი” გრანადაში წააგებს, ის შეიძლება მომდევნო ტურშივე ჩემპიონი გახდეს.
„ატლეტიკოს” კაპიტანი კოკე: „მთელი მატჩის განმავლობაში დიდი სამუშაო შევასრულეთ და ბოლოსკენ დავიღალეთ, რის გამოც გოლი გავუშვით. საბედნიეროდ, ჩვენი დიდი მოწადინება დაფასდა. აუცილებელი სამი ქულა მოვიპოვეთ”.