მამარდას ბოლო ამერიკული თამაში

მამარდას ბოლო ამერიკული თამაში

„ლივერპულმა“ სამმატჩიანი ტურნე აშშ-ში ჩიკაგოს Soldier Field-ზე „ლიდსთან“ 2:4 წაგებით დაამთავრა. „ლივერპულ ექო“ წერს, რომ გუნდი მეორე ტაიმში ჩავარდა, რასაც წინ ანდონი ირაოლას მიერ განხორციელებული ბევრი ცვლილება უძღოდა. არადა, მერსისაიდელები ლუკ ჩემბერსის და ფლორიან ვირტცის გოლებით 2:0-ს იგებდნენ.

ამის მერე ბრენდენ აარონსონმა, დომინიკ კალვერ-ლევინმა (ორჯერ) და შონ ლონგსტაფმა გიორგი მამარდაშვილის კარში ოთხი გოლი გაიტანეს. ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და flashscore-ს შეფასებით გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 მიიღო,

„ლივერპულ ექომ“ გიორგის 6 ქულა დაუწერა, სიტყვიერად კი მისი თამაში ასე აღწერა: „მან პირველი ტაიმის მიწურულს კარგი დარტყმული მოიგერია და ეს ერთადერთი რამ იყო – შტახის კიდევ ერთი დარტყმის მოგერიების გარდა – რის გაკეთებაც შეეძლო. ორივე ეპიზოდში ყურადღებით იმოქმედა. „ლიდსის“ გოლებში კი ბრალი არ მიუძღვის, რადგან დაცვამ ყოველ ჯერზე მოწყვლად მდგომარეობაში დატოვა“.

ასევე 6 ქულა დაუწერა ქართველ გოლკიპერს „ლივერპულის“ ოფიციალურმა საიტმა.

„ამ ზაფხულს მისი შეფასება ძნელია, რადგან ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ ქართველმა შეხვედრის პირველ მეოთხედში კარგი დარტყმები მოიგერია. მისი გრძელი პასებიდან ზოგი უზუსტო იყო, მაგრამ რამდენიმე კარგი მოგერიებით ნამდვილად დაგვამახსოვრა თავი“, დაწერა Liverpool.com-მა

ქვემოთ გთავაზობთ „ლივერპულის“ და „ლიდსის“ შეხვედრაში გასულ გოლებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.