ინფანტინომ უკან დაიხია!

ინფანტინომ უკან დაიხია!

ჯანი ინფანტინომ პროექტზე, რომელმაც მსოფლიო სკანდალი გამოიწვია უარი თქვა. მას უნდოდა დაეარსებინა ფიფას შვილობილი კომპანია (Fifa Forward Enterprise), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს კერძო ინვესტორებს მიყიდდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უპირველესად ხმა აიმაღლა უეფამ. ევროპელ კოლეგებს კონკაკაფი აჰყვა. მათ თქვეს რომ ფიფას შეჯიბრებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ინფანტინო აპირებდა ხსენებული შვილობილი კომპანია 20.22 მილიარდ დოლარად შეეფასებინა და 20 პროცენტიანი წილი 4.18 მილიარდ დოლარად გაეყიდა.

Sky News-ის მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ კომენტარში ფიფას პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა მოსაზრებას მოუსმინა და აღიარებს, რომ პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ჯოშუა კუშნერი

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება გაერთიანება და წინსვლა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი აღარ ჰპოვებს განვითარებას. ვაპირებ უახლოეს დღეებში ან კვირებში ჩვენი თამაშის საერთო ინტერესების სულისკვეთებით ყველა დაინტერესებული მხარე შევკრიბო“.

ადრეც აღვნიშნეთ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატების წილის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი გახდებოდა კომპანია Thrive Capital. ამ კომპანიის მფლობელია ჯოშუა კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ძმა.

„ნიუ იორკ პოსტმა“ დაწერა, რომ ინფანტინოს უკანდახევა სავარაუდოდ იმით იყო განპირობებული, რომ კუშნერებმა ამ არეულობაში მონაწილეობა აღარ ისურვეს. გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა თქვა: „კუშნერი ამ სფეროში შესაღწევად სხვა გზას გამონახავს“.

საინტერესოა, რომ პარასკევს დილით ინფანტინოს განუდგა აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს კორდეიროც. მან Sky News-ს განუცხადა: „როგორც ფიფას პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ყოფილი ბანკირი და ფეხბურთის ერთგული გულშემატკივარი ფიფას მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის გაყიდვის პროცესს გვერდიდან ვერ ვუყურებ. ნება მომეცით განვაცხადო: მე ამ ახალ პროექტთან კავშირი არ მქონია და მისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.