ჟოზე მოურინიუმ ოლე გუნარ სულშერს შეუტია. ეს მას მერე მოხდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელები თამაშის შემდეგ გასახდელში წალაპარაკებულან.
მიზეზი: სულშერმა „სფურზის” კორეელ ფეხბურთელს, სონს, სიმულაციაში დასდო ბრალი. თითქოს, მან გააფორმა, რომ სკოტ მაკტომინეიმ მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რის გამოც ედინსონ კავანის გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა მაინც სტუმრების, „იუნაიტედის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
სულშერმა თქვა: „ეს რომ ჩემი შვილი ყოფილიყო, მას მოედანზე სამი წუთი ეგორა და შემდეგ წამოდგომაში ათი თანაგუნდელი დახმარებოდა, მერწმუნეთ, მე მას საჭმლის გარეშე დავტოვებდი”.
ამაზე მოურინიუმ უპასუხა: „სონს გაუმართლა მამამისი ოლეზე გაცილებით უკეთესი ადამიანი რომ არის”.
ზემოთ ნახსენები გოლი კავანიმ 33-ე წუთზე გაიტანა. ანგარიში ჯერ 0:0 იყო. მსაჯმა კრის კავანამ VAR-ის რჩევით ეპიზოდი მონიტორზე ნახა და არ ჩათვალა. მან მიიჩნია, რომ სანამ ურუგვაელი ბურთს კარში შეაგდებდა, მანამდე მაკტომინეიმ სონის წინააღმდეგ იუხეშა.
მსაჯის გადაწყვეტილებამ მანჩესტერელთა ბანაკი 5 წუთში კიდევ უფრო გააბრაზა, რადგან სწორედ იმ სონმა, რომელმაც მათი აზრით ითაღლითა, გოლი გაიტანა.
როგორც გითხარით, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მაინც მოიგო, მაგრამ სულშერმა ბრაზი ვერა და ვერ დაიოკა. მან თქვა: „ეს ნამდვილი გოლი იყო. მსაჯი გააბრიყვეს”.
მანჩესტერელი კოლეგის სიტყვებმა თავის მხრივ მოურინიუ გამოიყვანა წყობიდან. მან მატჩისშემდგომ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს უსაყვედურა, სულშერის კომენტარზე რატომ არაფერს მეკითხებითო:
„ძალიან მიკვირს, რატომ არ მთხოვთ ოლეს სიტყვების კომენტარს, რომლებიც მან სონის შესახებ თქვა. მე ოლეს რამდენიმე წუთის წინ შევხვდი და ვუთხარი — მე რომ მეთქვა მისი ან ნებისმიერი სხვა გუნდის ფეხბურთელის შესახებ, ჩემი შვილი ასე რომ მოქცეულიყო უსადილოდ დავტოვებდიო, რა ამბავი ატყდებოდა?
გასაკვირია, რომ ამაზე კომენტარი არავინ რომ მთხოვა. გასაკვირია, რომ არავის ეყო პატიოსნება, მეც ისევე მომქცეოდა, როგორც სხვას ექცევა. ამიტომ, ასე გეტყვით: სონს ძალიან გაუმართლა, მამამისი ოლეზე გაცილებით უკეთესი ადამიანი რომ არის. მე ვფიქრობ, რომ მამამ თავის შვილს ყოველთვის უნდა აჭამოს, მიუხედავად იმისა, რა ჩაიდინა შვილმა. შვილის გამოსაკვებად ქურდობა რომ დაგჭირდეთ, უნდა იქურდოთ.
ბოდიში, მაგრამ ჩემთვის, როგორც პორტუგალიაში ვამბობთ, პური პურია და ყველი — ყველი”.
შემდეგ, მოურინიუმ ზოგადად მსაჯობა და VAR გააკრიტიკა. დასძინა, რომ ამ მოწყობილობის შიშით ფეხბურთელები გოლს ვეღარ ზეიმობენ.
სონმა კი განაცხადა: „ყველასთვის ძნელია. ფეხბურთელებისთვის, მსაჯებისთვის… ძალიან ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ვეღარაფერს ხვდები. თუმცა, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე ამას ვერ გამოვასწორებ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
