„ბაიერნმა” ახალი სეზონის პირველივე შეხვედრაში გამოამჟღავნა, რომ ისევ ის „ბაიერნია”. გერმანიის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სეზონს გახსნის დღეს „შალკეს” 8:0 გადაუარა. სერჟ გნაბრის, ლერუა სანესა და კომპანიას მოედანზე უპრობლემოდ გამოუვიდა ყველაფერი, რაც კი განიზრახა.
„ამ გუნდს გამარჯვება კვლავ სწყურია, — თქვა ZDF-თან საუბრისას ახალ გუნდში პირველი თამაშის დაჭაშნიკების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან” ახალგადასულმა ლეროი სანემ, — „შალკესთან” ჩემპიონატის ასე დაწყება, რასაკვირველია დიდებულია. მე ყოველთვის მინდა, რომ მეტოქე ბოლომდე დავახრჩო, მაგრამ ჯერჯერობით ასი პროცენტით არ ვარ მზად. „შალკე” კი ცოტა არ იყოს შემეცოდა”.
სანემ ამ შეხვედრაში ერთი გოლი თავად შეაგდო, ხოლო ორი სერჟ გნაბრის გაატანინა.
DAZN-თან ინტერვიუში 24 წლის გარემარბმა დასძინა: „ძალიან მიხარია ბოლოს და ბოლოს ბიჭებთან ერთად რომ ვითამაშე. კარგი დღე იყო, კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი გავიტანეთ”.
ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა კი შეხვედრას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „საოცარია, რა უცებ შეძლო გუნდმა წინა სეზონის საძირკველზე მორგება და სადაც შეწყვიტა იქიდან გაგრძელება. მე თუ მკითხავთ, ამით „ბაიერნმა” დაამტკიცა, რომ გასულ სეზონში ყველა ტიტული ეკუთვნოდა”.