ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას ქალაქის მუნიციპალიტეტთან შუამდგომლობა სთხოვა. უნგრელებს სურთ, რომ კატალონიის მთავარ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ფეხბურთელის ლადისლაო კუბალას სახელი ეწოდოს. „ბარსას“ დირექტორატმა უნგრელთა წინადადებას მხარი დაუჭირა.
„ბარსელონას“ ლეგენდა ლადისლაო (იგივე ლასლო ან ლადისლავ) კუბალა „ბლაუგრანაში“ 1951-61 წლებში თამაშობდა. მამით ის სლოვაკისა და პოლონელის ნაჯვარი იყო, ხოლო დედით სლოვაკისა და უნგრელის. კუბალა უნგრეთში გახლდათ დაბადებული, მაგრამ იყო ჩეხეთისა და ესპანეთის მოქალაქეც და ვინაიდან იმდროინდელი კანონები არ კრძალავდა, სამივე ქვეყნის ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები.
კუბალა „ბარსას“ შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, ხუთჯერ ესპანეთის თასი და ორჯერ უეფას თასის წინამორბედი „ბაზრობათა თასიც“ მოიგო.