„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ლესტერს” სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში შთამბეჭდავია, „ლივერპული” კი ძლიერი, მაგრამ 71-ე წუთამდე (ანუ სანამ შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთი დარჩებოდა) მხოლოდ 1:0 იყო. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია იმ მომენტისთვის პრემიერშიფის ლიდერსა და მის უახლოეს მდევარზე. სხვა სიტყვებით, მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების იმედი ჯერ კიდევ უღვიოდათ. და სწორედ ამ დროს „ლესტერის” კარში დაინიშნა პენალტი, რომელმაც მეკარე კასპერ შმაიხელი აღაშფოთა და მსაჯ მაიკლ ოლივერთან პრეტენზია გაუჩინა.

მოხვდა ჩაგლარ სოიუნჩუს ბურთი ხელზე თუ არა, ამაზე ქვემოთ დართული ვიდეოს მიხედვით თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ.

ფაქტია, „ლესტერი” გატყდა, 0:4 წააგო. 19 ტურის შემდეგ „მელიები” „ლივერპულს” უკვე 13 ქულით ჩამორჩებიან. თან, მერსისაიდელებს თამაშით ნაკლები აქვთ.

„სანამ მსაჯმა გმირობა არ მოინდომა, არაფერი გვქონდა დაკარგული. პენალტის შემდეგ კი ავნერვიულდით და გავტყდით, — თქვა შმაიხელმა და დასძინა, — გამოვა ახლა „სქაი სპორტზე” მსაჯების ექსპერტი დერმოტ… რა ჰქვია მაგ კაცს?… (გალაჰერი) და იტყვის, რომ  მსაჯმა პენალტი სწორად დანიშნა, გამბედაობა ეყო და სხვა. მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა დანიშნულიყო მაგ ეპიზოდში პენალტი. რა უნდა ექნა სოიუნჩუს? ხელი დაშვებული ჰქონდა, ბურთი წინ ვიღაცისგან ახტა და მას წამის მეათედიც არ დარჩა რეაგირებისთვის. მოკლედ, ოლივერს ძალიან უნდოდა პენალტის დანიშვნა, ვიდეორეფერი კი მისი დანიშნულის გადათქმას ეტყობა ვერ ბედავს”.

თუმცა, ამავე კომენტარში შმაიხელმა ისიც აღიარა, რომ „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” არათუ „ლესტერს” ჯობიან, არამედ დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდებია.