დერბი ყველგან დერბია. არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის პირისპირ ბობოლები დგანან, შედარებით მოკრძალებული გუნდები თუ მაჩანჩალები. ერთი ქალაქის საფეხბურთო გუნდების ჯახი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებიც საგანგებოდ ემზადებიან.
არიან მწვრთნელებიც, რომლებმაც იციან თავიანთ გუნდს დერბი როგორ მოაგებინონ. ერთ-ერთი ასეთი უსათუოდ კლაუდიო რანიერია. ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის განსწავლულობა და სამწვრთნელო ცოდნა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდეს და სხვამხრივ არაფრით გამორჩეული იყოს. ჯერ მარტო 2016 წელს, „ლესტერის“ ზღაპარი რად ღირს, როდესაც რანიერიმ ეს პატარა კლუბი უდიდეს მწვერვალზე აიყვანა და პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, მაგრამ ფაქტს ვერსად დავემალებით – კლაუდიო რანიერი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც იტალიაში ყველა დერბი მოგებული აქვს.
ამჯერად მან ეს „სამპდორიასთან“ ერთად მოახერხა. სერია ა-ს მე-16 ტურში, გენუელებმა თანაქალაქელ „ჯენოას“ სტუმრად 1:0 აჯობეს და ამ მაჩვენებლით ის იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. კლაუდიო რანიერის, სხვადასხვა დროს, დერბიში გამარჯვების სიხარული 3 იტალიური გუნდის მწვრთნელობის პერიოდში გამოუცდია. „ინტერში“ მუშაობის დროს „მილანი“ დაუმწუხრებია, „იუვენტუსის“ თავკაცის რანგში „ტორინო“, ხოლო „რომაში“ ყოფნისას „ლაციო“ გაუმწარებია.
კლაუდიო რანიერის დერბის მოგება მხოლოდ იტალიაში არ ხელეწიფება. 68 წლის სპეციალისტი ესპანეთშიც გამოირჩეოდა, როდესაც „ვალენსიას“ და „ატლეტიკოს“ ავარჯიშებდა.
ამრიგად, რანიერის სამწვრთნელო რეზიუმე ყველაფერთან ერთად, ამ მხრივაც შთამბეჭდავია.