ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი პირველი 12 გუნდი (სამ-სამი პირველი რაუნდის ოთხი ჯგუფიდან) ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას, დანარჩენები კი 13-24 ადგილებს გაითამაშებენ. იმ ოთხეულის გამარჯვებულს, რომელიც 13-16 ადგილებისთვის თამაშობს (ანუ, მე-13 ადგილზე გასულს) „პრეზიდენტის თასის” მფლობელი დაერქმევა.
ჩვენ ზედა თორმეტეულს ანუ მთავარ შეჯიბრებას გავყვეთ. ყველაზე ადრე I ჯგუფის გუნდებმა სერბეთმა და კორეამ ითამაშეს. შეხვედრა მოიგეს ბალკანელებმა 36:33. სამბურთიანმა სახვაობამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მატჩი დრამატული გამოვიდა, სინამდვილეში კი მის მსვლელობას პირველიდან ბოლო წამამდე სერბები აკონტროლებდნენ. ამრიგად, კორეელებს დარჩათ 2 ქულა, რომელიც მათ პირველი ეტაპის B ჯგუფიდან წამოიღეს. სერბეთს კი პირველი რაუნდიდან არაფერი ჰქონდა წამოღებული და შესაბამისად კორეელებს გაუტოლდნენ.
ჰოლანდიისა და გერმანიის დაძაბულ თამაშში კი ბოლომდე არაფერი იყო ცნობილი. საბოლოოდ, გერმანიამ ორბურთიანი სხვაობით მოიგო — 25:23.
საინტერესო იყო ნორვეგიისა და დანიის ნაკრებთა შეხვედრა. ნორვეგიელები მეტოქეს თავიდან 4 ბურთით ჩამორჩნენ, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და პირველი ტაიმი მოიგეს — 12:9. შესვენების შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს ათ-ათი გოლი გაუტანეს. საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა 22:19.
ამრიგად, I ჯგუფს ლიდერობს 5 ქულიანი გერმანია, რომელსაც მოსდევენ 4 ქულიანი ჰოლანდია და ნორვეგია, შემდეგ არიან 2 ქულიანი კორეა და სერბეთი, ხოლო მეექვსე ადგილზე 1 ქულით დანიაა.
II ჯგუფის წყვილებიდან ადრიანად ერთმანეთს რუსები და რუმინელები შეხვდნენ. რუსებმა მოიგეს 27:18. ამრიგად, რუსთა ესპანელმა მწვრთნელმა ამბროს მარტინმა თავის ყოფილ გუნდს, რუმენეთს, ნახევარფინალში გასვლის იმედი სერიოზულად დაუკნინა. რუსეთს პირველი ჯგუფური ეტაპიდან ორი მოგება ჰქონდა წამოღებული და დღეს მესამე დაამატა, რუმინელები კი ორი წაგებით იყვნენ და მესამე იწვნიეს.
მონტენეგრომ იაპონიას 30:26 მოუგო. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლებს რუმინელებისა არ იყოს 0 ქულა და ცუდი პერსპექტივა აქვთ.
ესპანეთმა და შვედეთმა კი ფრედ 28:28 ითამაშეს. საინტერესოა, რომ ესპანელებს პირველ ტაიმში სრული უპირატესობა ჰქონდათ. 25-ე წუთისთვის 8 ბურთითაც კი იგებდნენ. როდესაც გუნდები დასასვენებლად გავიდნენ ტაბლოზე 14:8 ეწერა. მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, რომ ვერავინ იტყოდა შვედები შეხვედრის ბედს შემოატრიალებენო. 42-ე წუთზე ესპანეთი სულაც 9 ბურთით იყო წინ, მაგრამ, მერე სხვაობამ შემცირება დაიწყო და მატჩის ბოლო წუთზე ნულამდე დავიდა.
II ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს რუსეთი, მერე მოდის 5 ქულიანი ესპანეთი, რომელსაც 4 ქულიანი მონტენეგრო და 3 ქულიანი შვედეთი მოსდევენ. ბოლო ორი ადგილი კი, როგორც მოგახსენეთ, 0 ქულიან გუნდებს იაპონიასა და რუმინეთს უკავიათ.